პარლამენტის წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდასაჭერი მორიგი აქცია დღეს გაიმართება. აქციის მონაწილეები „მაესტროს“ კუთვნილი თეფშების დაყადაღებას გააპროტესტებენ და ქონების მესაკუთრისთვის გადაცემას მოითხოვენ.
გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, "მაესტროს" კუთვნილ ქონებაზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართეს, თუმცა სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რას აპირებს ეს უწყება.
„ამავე დროს, პროკურატურა აგრძელებს თავის უგუნურ ქმედებებს და ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკით დატვირთული ორი ავტომანქანა კიდევ დააყადაღეს. მიგვაჩნია, რომ ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და სერიოზული შეცდომა", - ამბობს ტუღუში.
მისივე შეფასებით, ეს პრობლემა არა მხოლოდ "მაესტროს", არამედ ზოგადად, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ეხება და აღნიშნა, ბრძოლას მანამ გააგრძელებენ, სანამ კუთვნილ ქონებას არ დაიბრუნებენ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი 16 ათასამდე ანტენა და ამდენივე მიმღები და თავაკი, რომელიც უკრაინიდან და თურქეთიდან შემოდიოდა, პროკურატურამ საზღვარზე რამდენიმე დღის წინ დააყადაღა.
აქცია პარლამენტთან 17:00 საათზე გაიმართება.