კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 10 მილიონის შემდეგ მორიგი 80 მილიონი ლარი გადარიცხა.
„სტიქიური უბედურება დატრიალდა კახეთსა და სამცხეთ ჯავახეთში, დაინგრა სახლები, განადგურდა დიდი რაოდენობით მოსავალი, ბევრ ადგილებში განადგურდა ინფრასტრუქტურა. ასეთი შემთხვევებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვს 100 მილიონი",- აცხადებს ივანიშვილი.
ივანიშვილის განმარტებით ხელისუფლების ქმედებიდან ჩანს, რომ მათ ეს თანხა არამიზნობრივად გახარჯეს.
"დღევანდელ მათ ქმედებას, თუ მივაქცევთ ყურადღებას, რომ სასწრაფოდ დაიწყეს დამატებითი თანხების მოძიება. რომელიც ბიუჯეტს ჩამოეჭრება და გამონახეს... ეს მიგვანიშებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოახერხა და არამიზნობრივად გახარჯა ის 100 მილიონი.
ჩვენ მკაცრად მოვითხოვთ ინფორმაციას თუ სად დაიხარჯა ეს თანხა. როგორც იცით ასეთი გრადაცია გააკეთა ხელისუფლებამ, მაქსიმალური დახმარება ზარალის ანაზღაურებისათვის არის 1500 ლარი, ეს თანხები ძალიან სასაცილოა იმ დანაკარგებისათვის რაც მათ განიცადეს",- აცხადებს ივანიშვილი.
კოალიციის ლიდერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მას ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდაა.
„ბოლო კანონმდებლობით, რომელიც ჩემთვის იყო მიღებული აკრძალული მაქვს ასეთ შემთხვევებშიც კი მოსახლეობის დახმარება. თუმცაღა, როგორც იცით, ისევ ხელისუფლებამ გაუაზრებელი და გაუგებარი ჯარიმა დამაკისრა, რომლის გადახდასაც არ ვაპირებდი. ამ შემთხვევამ მაიძულა ირიბად, კანონის დაურღვევლად გამომენახა სასუალება და დავმხარებოდი ამ ადამიანებს. სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად უკვე გადავრიცხე 10 მილიონი ლარი. დღეს კი 80 მილიონი ლარი ჩავრიცხე სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე. აქედან გამომდინარე ხელისუფლებას არ აქვს სათქმელი, რომ აღარ აქვს შესატყვისი თანხა,“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მკაცრად გააკონტროლებს, რომ ეს თანხები მიზნობრივად მოხმარდეს მოსახლეობას.
„ჩვენ გვექნება მკაცრი მონიტორინგი, აღვწერთ ყველა დაზარალებულის რეალურ დანაკლისსა და რეალურ ზარალს. თუ ეს თანხებიც არ ეყოფა და უფრო დიდი იქნება რეალური ზარალი, რასაც მე არ გამოვრიცხავ, მაშინ მე კიდევ შევეცდები კანონიერი გზით გამოვნახო გამოსავალი, რომ ვაიძულო ხელისუფლება და მოსახლეობამ სრულად მიიღოს დაკარგული მოსავლის შესატყვისი ანაზღაურება,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
80 მილიონი ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე გადაირიცხა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის არის განკუთვნილი, თანხის ხარჯვის მონიტორინგს კი "ქართული ოცნება" განახორციელებს.
"ქართული ოცნების" ლიდერმა აღნიშნული თანხა სასამართლოს მიერ ჯარიმის გადასახდელად მითითებულ ანგარიშზე გადარიცხა. სასამართლომ ივანიშვილი კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 74 325 065.65 ლარით დააჯარიმა. პირველი ოქმის საფუძველზე, კონტროლის პალატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე კომპანია "გლობალ კონსალტინგის" გამოყენებით, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცა ათობით ათასი სატელიტური ანტენა, რისთვისაც 12 622 019 ლარი შემოწირულობა განახორციელა. შესაბამისად, წინა ჯარიმების გადაუხდელობის გამო, ამ თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.
კონტროლის პალატის მეორე ოქმის მიხედვით კი ბიძინა ივანიშვილმა კუთვნილი კომპანიების შპს ,,ბურჯისა" და შპს ,,ელიტა ბურჯის" სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს". კონტროლის პალატის მტკიცებით, ამ ქმედებისთვის ივანიშვილმა 2 242 994 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა და ამ თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ცვლილება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებების იმ ნაწილში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხის დაანგარიშება მოხდა. შესაბამისად, ერთობლიობაში ჯარიმების ოდენობა შემცირდა და საბოლოოდ 148 650 131 ლარის ნაცვლად 74 325 065.65 ლარით განისაზღვრა.