პოლიტიკური ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის შეფასებით IRI და მის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგები უფრო მეტს ნდობას იწვევს, ვიდრე NDI-ის კვლევის შედეგები. ამის შესახებ ცისკარიშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, კვლევის შედეგად მოცემული სურათი, სადაც პოლიტიკური პარტიების მიმართ სანდოობასა და უნდობლობას გამოკითხულთა თითქმის თანაბარი რაოდენობა გამოხატავს, იმაზე მიუთითებს, რომ წინასაარჩევნო ბრძოლაში, რომელიც მისი შეფასებით წესების გარეშე მიმდინარეობს, მოსახლეობა უკვე იმედგაცრუებულია.
ექსპერტის თქმით, საზოგადოებაში რამდენიმე თვის წინ პოლიტიკური პარტიების მიმართ მოლოდინი, ოპტიმიზმი და შესაბამისად ნდობაც გაცილებით მაღალი იყო.
„ეხლა თავად პოლიტიკური პარტიების ძალთა ქმედებებზეა დამოკიდებული გაიზრდება თუ არა ნდობა მათ მიმართ. თუმცა ეს მაჩვენებელი არ გასაზღვრავს ამომრჩეველთა აქტივობას. შეიძლება ენდობოდე ან არ ენდობოდე შედეგებს, თუმცა მიუხედავად განსხვავებული მიდგომისა, თავს ვალდებულად თვლიდე როგორც ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობა მიიღო არჩევნებში“, - განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, თუ კი ჩვენ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ მხარდამჭერთა რუკას გავშლით, დიდი ალბათობით სატელევიზო ანტენების განლაგების სქემას მივიღებთ. რაც მისი შეფასებით პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის გემოვნებას.
„მოსახლეობის ინფორმირებასა და მის პოლიტიკურ გემოვნებას შორის პირდაპირი კორელაციაა. ამ თემაზე ჩაღრმავებას აზრი არ აქვს. ეს ხელისუფლებამ კარგად გაიგო და საზოგადოების მიერ სულ უფრო და უფრო ველურ საქციელებშია მხილებული, მათ შორის თეფშების დაყადაღების, ცილისწამების, წამებისა და სხვა ქმედებაში“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მისივე განმარტებით, ეკონომიკასა და ჯანდაცვაში არსებული პრობლემები ზუსტად აისახა კვლევის შედეგებზე. ცისკარიშვილის თქმით, ეკონომიკაში ერთიანდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა, შემოსავლების სიმცირე და ა.შ.
რაც შეეხება ჯანდაცვას, ექსპერტის მოსაზრებით, ყველაზე საზრუნავთა სფეროში მისი არსებობა და ფაქტიურად ამ სფეროს „ჩავარდნა“ იმ რეფორმებმა გამოიწვია, რომელსაც ხელისუფლება „გაუაზრებლად“ ატარებს.
„სამედიცინო სტანდარტების ვარდნა ქართული ფარმაცევტული კომპანიების ნახლაფორთალ ამბებზე მიბმამ გამოიწვია. დღეს თითქოს ხელმისაწვდომი გახდა ეს ყველაზე უფრო ხელშესახები სფერო. თუმცა დღევანდელი ხედვით, ხელმისაწვდომობა ნიშნავს რაც შეიძლება იაფი წამლებით მკურნალობას, რაც ჯანდაცვის ხარისხს ვერ გაზრდის, უბრალოდ წაახალისებს ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებს და ბევრად დიდი იქნება გასაღება მედიკამენტებისა“, - დასძინა მან.
IRI-მ თავისი კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა, სადაც შეკითხვაზე, „რომელ ინსტიტუტს ენდობით საქართველოში ყველაზე მეტად", პოლიტიკურ პარტიებს გამოკითხულთა 44% უცხადებს ნდობას, 43% არ ენდობა, 13%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. ხოლო გამოკითხულთა აზრით მთავრობამ პირველ რიგში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემაზე უნდა იზრუნოს.