თინა ხიდაშელი: აბსოლუტურად შეუძლებლად მეჩვენება რაიმე სახის თანამშრომლობა ვანო მერაბიშვილთან

თინა ხიდაშელი: აბსოლუტურად შეუძლებლად მეჩვენება რაიმე სახის თანამშრომლობა ვანო მერაბიშვილთან

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ პირადად მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს ყოფილ შს მინისტრთან და ამჟამად პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილთან რაიმე სახის თანამშრომლობაზე საუბარი.

„კონკრეტულად დავით საგანელიძეს განცხადებაზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ და რასაც ვიტყვი, ის საგანელიძეს ნამდვილად არ ეხება. მე პირადად აბსოლუტურად შეუძლებლად მეჩვენება რაიმე სახის თანამშრომლობა ვანო მერაბიშვილთან. ვანო მერაბიშვილს და ნებისმიერ ადამიანს გააჩნია უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი, რომელ მხარეს დადგეს, ქვეყანას ემსახუროს თუ საკუთარ თავს და ბელადს, ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ თუ მან კონკრეტულ მომენტში შეიცვალა გადაწყვეტილება, ანულებს ყველაფერს იმას, რაც მას ჩაუდენია. ჩვენ იმიტომ ვართ ამ დღეში, რომ ამ ქვეყანაში არასოდეს არ დასჯილან ადამიანები იმ დანაშაულისთვის,რომელიც მათ აქვთ ჩადენილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ სწორ მომენტში „სწორ სვლას გააკეთებენ“, მაშინ ყველაფერი ეპატიებათ, ეს ჩემთვის მიუღებელია. მათ საკითხს დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტს - იქნება თუ არ იქნება დამნაშავე, დაეკისრება თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ვთვლი, რომ ეს არ არის პოლიტიკოსების მისაღები გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა მიიღოს“,-აცხადებს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, სომხური საიტი News.am  ინტერნეტპორტალ ВЗГЛЯД-ზე დაყრდნობით ავრცელებს დავით საგანელიძეს კომენტარს, სადაც „ქართული ოცნების“ კოალიცის წევრი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს კიდევ აქვს სხვა გზის არჩევის შესაძლებლობა.  „მერაბიშვილს კიდევ აქვს შესაძლებლობა სხვა გზა აირჩიოს, მიიღოს გადაწყვეტილება ჩამოშორდეს ხელისუფლებას... საზოგადოება დახუჭავს თვალს ბევრ შეცდომებსა და დანაშაულზეც კი“,-აცხადებს საგანელიძე.