ბათუმის საკრებულომ

ბათუმის საკრებულომ "მენეჯმენტ სერვისს" დელფინარიუმთან გაფორმებული ხელშეკრულება შეუწყვიტა

ბათუმის საკრებულომ "მენეჯმენტ სერვისს" ბათუმის დელფინარიუმთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა. 

აღნიშნული წერილი ბათუმის საკრებულოდან კომპანიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

კომპანიის დირექტორის ბესიკ დემეტრაშვილის განცხადებით, წერილში, რომელსაც ხელს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე აწერს, აღნიშნულია, რომ კომპანიისთვის დამატებითი ვადის მინიჭება სავალდებულო არ არის.

მისი თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მმართველი კომპანია დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.

„ამის შემდეგ ეძლევა გარკვეული ვადა, რათა გამოასწოროს ხარვეზები და თუ მერეც ვერ ახერხებს ვალდებულებების შერულებას, კონტრაქტი წყდება. თუმცა წერილში აღნიშნულია, რომ დამატებითი ვადის დაწესება სავალდებულო არ არის. ეს არის უხეში დარღვევა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც "მენეჯმენტ სერვისსა" და ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს შორის გაფორმდა", - განაცხადა დემეტრაშვილმა. 

მისივე განმარტებით, ხელშეკრულების გაწყვეტა მთლიანად ვარაუდებზეა დამყარებული, შესაბამისად, აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებაც არ შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს.

„ბათუმის დელფინარიუმი "მენეჯმენტ სერვისს"' 19-წლიანი ვადით ქონდა მმართველობაში და ვადა 2030 წელს ეწურებოდა. ბათუმის დელფინარიუმი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის აშენებული, შემდეგ კი ის სახელმწიფოს გადაეცა, თუმცა იმისთვის, რომ ბილეთები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, გაიაფებულიყო, ჩვენ ავიღეთ მართვაში", - განაცხადა დემეტრაშვილმა.