ვახტანგ ხმალაძე: ხელისუფლებას ზუსტად არ გამოუცხადებია ზარალი 15 მილიონია თუ 150 მილიონი

ვახტანგ ხმალაძე: ხელისუფლებას ზუსტად არ გამოუცხადებია ზარალი 15 მილიონია თუ 150 მილიონი

სამთავრობო სხდომიდან გახდა ცნობილი, რომ ხელისუფლება ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს ბიუჯეტიდან კახეთის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, სახელმწიფოს ზუსტად არ გამოუცხადებია ზარალის ზუსტი რაოდენობა და ის აქამდე 15 მილიონიდან 150 მილიონამდე მერყეობდა.

„ ზარალის ზუსტი შეფასება ცნობილი არ არის. თუ 50 მილიონ ლარადაა შეფასებული ზარალი, რამდენს გამოყოფს მთავრობა ამ ზიანის კომპენსირებისთვის, თუ გამოყოფენ 50 მილიონს, როგორია ზარალის რეალური ღირებულება, რადგან ჩვენ სხვადასხვა ციფრები მოვისმინეთ 15 მილიონიდან 150 მილიონამდე. ერთი რამ ცხადია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ზარალი სათანადოდ უნდა იქნას კომპენსირებული.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის შემოსავალი, რასაც  გლეხი იღებს მოსავლის მოწევით, ხშირად იმისთვისაც კი არ არის საკმარისი, რომ თავი მომავალ მოსავლამდე გაატანოს, ისინი თავს სიღარიბის დონეზე ინარჩუნებენ ხოლმე. როდესაც ზარალის კომპენსირება ხდება რაღაც ნაწილის და ეს არის მცირე ნაწილი, ამ შემთხვევაში, ადამიანებს ჩვენ საშიმშილოდ ვწირავთ. რიცხვები კარგად უნდა იქნეს გათვლილი და ყველაფერ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამის დასაფარავად ყველა რესურსი მოიძებნოს“,-აცხადებს ხმალაძე.

კოალიციის წევრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული 20-25 მილიონი ლარი ბიუჯეტისთვის დაუგეგმავი შემოსავალია და ხელისუფლებამ ყველა ამბიცია და შურისძიება უნდა გადადოს, რადგან ადამიანებს შველა სჭირდებათ.

„ ის თანხა, რაც ბიძინა ივანიშვილმა უკვე გადარიცხა 20-25 მილიონი ლარი და კიდევ აპირებს გადარიცხვას, თანაც აქ საუბარია არა მარტო კახეთზე, სტიქიამ ზარალი მიაყენა სამცხე-ჯავახეთსაც და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსაც, ბიუჯეტისთვის დაუგეგმავი შემოსავალია, გამოყენებულ უნდა იქნეს ზარალის აღმოსაფხვრელად. აქ ყველა ამბიცია, შურისძიება დავიწყებული უნდა იქნეს, რადგან ადამიანებს შველა სჭირდებათ“,-აღნიშნავს ხმალაძე.

რაც შეეხება ივანიშვილის მიერ გადარიცხული თანხებისთვის სამართლებრივად თვალყურის დევნებას, როგორც ხმალაძე აცხადებს, ჩვენთან კანონი ისეთია, რომ ყველა შემოსავალი ერთ ყულაბაში- ბიუჯეტში მიდის და შემდეგ ის სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად იხარჯება.

„როდესაც თანხა შედის ბიუჯეტში, აღარ  ჩანს რომელი ნაწილი რისთვის დაიხარჯა. ფული სხვადასხვა არხებით შედის და ის სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად იხარჯება. აქ კონტროლი უნდა დაწესდეს შემდეგი მიმართულებით - სახელმწიფომ რამდენი გამოყო ზარალის კომპენსირებისთვის, ივანიშვილმა რა თანხა ჩარიცხა, ბიუჯეტიდან რამდენი გამოიყო კომპენსირებისთვის და შედის თუ არა ამაში ივანიშვილის მიერ გადარიცხული თანხა.“

 რაც შეეხება იმას, ვინ უნდა გაუწიოს ამის მხრივ კონტროლი და გასცემს თუ არა სახელმწიფო პასუხს ამ შეკითხვაზე, ხმალაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ ადვილი შესაძლებელია არ იკადროს და პასუხი არ გასცეს კოალიციის მიერ დასმულ შეკითხვას. „ამ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტებმა უნდა განახორციელონ ზეწოლა და მონიტორინგი, რათა სახელმწიფომ გაგვცეს ჩვენ ყველას ზუსტი პასუხი, დაიხარჯა თუ არა რეალურად ივანიშვილის მილიონები დაზარალებულთა დასახმარებლად“,-აცხადებს ხმალაძე.