თბილისის მერია სტუდენტებს ინტენსიურად ასაქმებს

თბილისის მერია სტუდენტებს ინტენსიურად ასაქმებს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ სხვადასხვა მუნიციპალურ სექტორში 10 000-მდე სტუდენტი დაასაქმა. ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტები ქალაქის გამწვანებაზე, კეთილმოწყობასა და დასუფთავებაზე იზრუნებენ. სტუდენტები ასევე ყველა იმ პროექტში ჩაერთვებიან, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. მერიის ინფორმაციით, 1000-მდე სტუდენტი საბავშვო ბაღების შენობების სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობს, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, თბილისის მერიის ინიციატივით ყოველწლიურად მიმდინარეობს.   

ამასთან, სტუდენტები ქალაქის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის 158 დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად იზრუნებენ.

სტუდენტური დასაქმების პროექტი მიზნად ისახავს: სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური გამოცდილების მიღებას. თითოეული სტუდენტი ერთი თვის განმავლობაში, ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს. გამომუშავებული თანხა სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს საკუთარი სწავლა თავად დააფინანსოს ან თანხა სურვილისამებრ გამოიყენოს.

თბილისის მერი, გიგი უგულავა დღეს 109-ე საბავშვო ბაღში სტუდენტებს შეხვდა, მათ დასაქმების პროექტზე გაესაუბრა და სტუდენტებთან ერთად, ბაღის შენობის კედლების შელესვისა და შეღებვის სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.