„ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“ მოსამართლე ნანა დარასელიას წინააღმდეგ

„ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“ მოსამართლე ნანა დარასელიას წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართა.

როგორც „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ აცხადებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელიამ სარჩელის განსახილველად კანონით დადგენილი 2 თვიანი ვადა დაარღვია.

„კერძოდ, ავადმყოფი პატიმარი მესამე თვეა უშედეგოდ ელოდება სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის წინააღმდეგ თავისი სარჩელის განხილვას. ერთობლივი კომისია კი უფლებამოსილია პატიმარი, რომელსაც  თვალის სინათლე აქვს დაკარგული ვადამდე გაათავისუფლოს სასჯელის მოხდისგან“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ კომისიამ უსინათლო პატიმრის შუამდგომლობა არ განიხილა.

ორგანიზაციამ „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ საქალაქო სასამართლოს მიმართა თხოვნით, რათა მას კომისიისთვის მიეცა დავალება კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების თაობაზე, თუმცა სასამართლომ არც ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

„სასამართლომ არათუ დააკმაყოფილა მოსარჩელის თხოვნა, არამედ, თავად დაარღვია კანონი, რადგან სარჩელის შეტანიდან 3 თვე გავიდა, მოსამართლე კი, შვებულებაში გავიდა“, - აღნიშნავენ „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“

აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეალურად ერთობლივი კომისია  არ განიხილავს საქმეებს და ის ბუტაფორიული ორგანოა, რასაც გარკვეულწილად ამ საკითხისადმი სასამართლოს დამოკიდებულებაც ადასტურებს.