საქართველო: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების მოლოდინში

საქართველო: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების მოლოდინში

მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ემზადებიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის, „საერთაშორისო ამნისტია“ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობისაგან.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყველა პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილებისა, და სამართალში მისცეს ბოლოდროინდელ ძალადობრივ შეტევებზე პასუხისმგებელი პირები, რასაც წინ უნდა უძღოდეს ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.

ამ უკანასკნელი კვირების განმავლობაში ადგილი ჰქონდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართული საჯარო აქციების ჩაშლას ფიზიკური დაპირისპირების მიზეზით. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ამ ინციდენტებში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი საბჭოების თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები, ხოლო თავად ინციდენტები ხელისუფლების მიერ დაიგეგმა და იმართებოდა.

12 ივლისს „ქართული ოცნბის“ აქტივისტების ჯგუფი კარალეთში (საქართველოს ცენტრალური ნაწილი) ჩავიდა, რათა შეხვედროდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების მაცხოვრებლებს. თვითმხილველთა და მედია-საშუალებების მიხედვით, კარალეთის დასახლების რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა დაიწყო აქტივისტების სიტყვიერი შეურაცხყოფა და დასახლების ტერიტორიის დატოვება მოთხოვა მათ. სიტყვიერი პაექრობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შეხვედრის რამდენიმე ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ ესვრიან ქვებს ადგილობრივი მოსახლეები კოალიციისა და მედია-საშუალებების წარმომადგენლებს, ხოლო კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის თანმხლები პირი ცეცხლსასროლი იარაღით ხელში ცდილობს უკან დასახევად გამზადებული ოპოზიციის აქტივისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

13 ადამიანი, მათ შორის 10 ჟურნალისტი, დაშავდა და გადაყვანილი იქნა გორის საავადმყოფოში. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჟურნალისტმა, საბა წიწიკაშვილმა განაცხადა, რომ ამოიცნო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მათ შორის, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა.

14 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც დაკავებული იქნა 6 პირი (ოპოზიციის 4 მხადამჭერი და კარალეთის 2 მაცხოვრებელი, მათ შორის ადგილობრივი საბჭოს თანამშრომელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საბა წიწიკაშვილს), რომლებსაც ინციდენტთან დაკავშირებით შეეფარდათ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. თუმცა, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატმა განუცხადა „საერთაშორისო ამნისტიას“, 4 პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულნი არიან მმართველ პარტიასთან და რომლებიც მართავდნენ და მონაწილეობდნენ თავდასხმაში, არ იყო მიცემული სამართალში, მიუხედავად მამხილებელი ფოტო და ვიდეო-მოწმობისა.

26 ივნისს მსგავსი ინციდენტი მოხდა მერეთში (შიდა ქართლი, საქართველოს ცენტრალური ნაწილი). იმ დროს, როცა ოპოზიციის აქტივისტები ცდილობდნენ აქციის ჩატარებას, გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა, რამაც ხელი შეუშალა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივებთან შეხვედრის ჩატარებაში. მიღებული ინფორმაციით, კონფრონტაციის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, და კოალიციის მხარდამჭერები გადაყვანილნი იქნენ საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.

ამის შემდეგ ადგილობრივმა მედია-საშუალებებმა გამოაქვეყნეს ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, აღბეჭდილია რამდენიმე საჯარო მოხელე - ინციდენტის მონაწილე. 28 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატული იყო შეშფოთება ძალადობაში რამდენიმე საჯარო მოხელის მონაწილეობის გამო, გორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და შიდა ქართლის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა ჩათვლით.

დაკავებული იქნა ოთხი მამაკაცი (მათ შორის, „ქართული ოცნების“ 2 აქტივისტი), რომლებსაც 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ მერეთის ინციდენტთან დაკავშირებით. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, არც ერთ საჯარო მოხელეს პასუხი არ მოეთხოვა.

აქციებისა თუ პოლიტიკურად მგრძნობიარე მოვლენების გაშუქებისას პრო-ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის შესახებ შეტყობინებების გარდა, გავრცელდა ინფორმაცია პრო-ოპოზიციუარდ განწყობილი ჟურნალისტების დაშინებისა და ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვის ხელყოფის შესახებ დაუდგენელი პირების მიერ. უცნობი პირები უთვალთვალებენ და კითხვებს უსვამენ პრო-ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებს, დამთრგუნველი ქმედებითა და კომენტარებით ხელს უშლიან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში: ინტერვიუების ჩატარებასა და გადაღებების წარმოებაში.

პრო-ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ს ჟურნალისტმა ზესტაფონში - ეკატერინე დუგლაძემ განუცხადა „საერთაშორისო ამნისტიას“, რომ მას ამ უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში დაჟინებით აედევნა და აწუხებდა 7 ახალგაზრდა მამაკაცისაგან შემდგარი ჯგუფი:

„დამყვებიან ყველგან მანქანით ან ფეხით, თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ მაძლევენ, ხელს მიშლიან გადაღებებში, ფიზიკურად ახლო კონტაქტში შემოდიან და უხამს კომენტარებს აკეთებენ ჩემს სამუშაოსთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ასევე განუწყვეტლივ მისვამენ შეკითხვებს“.

ეკატერინე დუგლაძის თანახმად, მისთვის შეუძლებელი გახდა ჟურნალისტური მოვალეობების შესრულება, რადგანაც მამაკაცთა ჯგუფი, რომელიც მას აედევნა, ხელს უშლის მას გადაღებისა და ჩაწერის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დუგლაძემ ოფიციალური საჩივარი შეიტანა და თხოვნით მიმართა როგორც ადგილობრივ პროკურორს, ასევე პოლიციის განყოფილებას, მამაკაცთა ჯგუფი დღემდე აწუხებს მას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

„პოლიციისა და პროკურატის მხრიდან არავითარი რეაქცია არ ყოფილა. მუშაობის გაგრძელება მიწევს დამთრგუნველ და სახიფათო გარემოში. თავს სრულიად დაუცველად ვგრძნობ“, - განუცხადა ჟურნალისტმა „საერთაშორისო ამნისტიას“.

ახალგაზრდა მამაკაცთა იგივე ჯგუფი დაყვებოდა და შეკითხვებით აწუხებდა ვასილ დაბრუნდაშვილსაც, სტუდია GNS -ის თანამშრომელს, როცა ის ოპოზიციონერ ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევებს იძიებდა. 11 ივნისს, როდესაც ის ზესტაფონში ჩავიდა ეკატერინე დუგლაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად, ეს მამაკაცები მიუახლოვდნენ მას და ხელი შეუშალეს ინტერვიუს ჩაწერაში. „7 მამაკაცი შემოგვეხვია მაშინ, როცა ინტერვიუს ჩაწერას ვცდილობდი. არ მომცეს საშუალება, კითხვები დამესვა რესპონდენტისათვის, საუბარში ერთვებოდნენ ცინიკური კომენტარებითა და შეკითხვებით, თან კამერის ხედსაც გვიფარავდნენ“. ვცადეთ, განზე გავმდგარიყავით და ინტერვიუს ჩაწერა სხვაგან გაგვერგძელებინა, მაგრამ არ გვეშვებოდნენ. ბოლოს რესპონდენტი წავიდა ისე, რომ ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოვახერხე“.

ვასილ დაბრუნდაშვილის მიხედვით, 7 მამაკაცისაგან შემდგარი იგივე ჯგუფი მას საათობით დაყვებოდა და შეკითხვებს უსვამდა, რითაც თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა და ინტერვიუების ჩაწერაში ხელს უშლიდა. „ეს ყველაფერი ზესტაფონის პოლიციის შენობის წინ ხდებოდა. შევედი პოლიციის შენობაში და ვთხოვე ოფიცერს, აეკრძალა მათთვის ჩემი დევნა და ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, თუმცა მან უარი განმიცხადა“, - შეატყობინა დაბრუნდაშვილმა „საერთაშორისო ამნისტიას“. ვასილ დაბრუნდაშვილი ტელეფონითაც დაუკავშირდა პატრულის პოლიციას და დახმარება ითხოვა, თუმცა 2 პოლიციელი, რომლებიც საჩივრის მოსასმენად გამოცხადდენ მასთან, მოულოდნელად და ახსნა-განმარტების გარეშე გაბრუნდა, როდესაც ჟურნალისტმა მოითხოვა აქტი ინციდენტის შესახებ, რათა მასზე ხელი მოეწერა.  

ვასილ დაბრუნდაშვილის მიხედვით, დღემდე არ დაწყებულა ოფიციალური გამოძიება და არავისთვის მოუთხოვიათ პასუხი ინციდენტთან დაკავშირებით. „სამართალდამცავთა მოქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, სამართლიანობის არავითარი იმედი არ მაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - განუცხადა მან „საერთაშორისო ამნისტიას“.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის მსგავსი რამდენიმე შემთხვევა ამ თვეში საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა. 6 ივლისს „ინფო 9“-ს ჟურნალისტს ნინო ბასიშვილს აედევნენ და ხელი შეუშალეს ჩაწერაში გარდაბანში (აღმოსავლეთ საქართველო). 8 ივლისს „ინფო 9“-ს კიდევ ერთ კორესპონდენტს აედევნა პიროვნება კამერით ხელში, რომელმაც ხელი შეუშალა მას, ეწარმოებინა გადაღება გურიაში (დასავლეთ საქართველო). იქვე მდგარი პატრულის პოლიციელისადმი ჟურნალისტის მიმართვა, აეკრძალა ამ პიროვნებისათვის მისი დევნა და ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, როგორც იტყობინებიან, ასევე უპასუხო დარჩა.

„საერთაშორისო ამნისტია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ყველა ფაქტის ზედმიწევნითი გამოძიება. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების მიერ მათი სამუშაო მოვალეობების დაუბრკოლებლივ შესრულება ძალადობის შიშის გარეშე, მიუხედავად იმ მედია-საშუალებების პოლიტიკური შეხედულებებისა, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.

ისტორიული ფონი

მას შემდეგ, რაც მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე, გამოიყენება მკაცრი მარეგულირებელი და სხვა მექანიზმები მისი ახლად შექმნილი პოლიტკური კოალიციის - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ფინანსური საქმიანობის გაკონტროლების მიზნით.

ახალწარმოქმნილ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომლებიც კონტროლს უწევს პოლიტიკური პარტიებისა და მათი წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსებას, ბრალს სდებენ „ამორჩევითი და უკიდურესად ხისტი მიდგომების გამოყენებაში ოპოზიციის მხარდამჭერთა მოზღვავებული დაკითხვებისას, ასევე ბიძინა ივანიშვილზე, კოალიცია „ქართული ოცნებასა“ და იმ სტრუქტურებზე მრავალმილიონიანი ჯარიმების დაკისრებისას, რომლებიც მიიჩნევა ამ კოალიციასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებად. ამასთან, ადგილობრივმა დემოკრატიულმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს პრო-ოპოზიციურად განწყობილი გლობალ ტვ-სა და მაესტროს სატელიტური თეფშების დაყადაღება ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით ისევე, როგორც კოალიციის 3 წევრისთვის ახლახანს წაყენებული ბრალდებები დაფინანსების მარეგულირებელი კანონების დარღვევაში.

 http://www.amnesty.org/en/library/asset/EUR56/003/2012/en/af08c481-83ec-4f2c-846c-b23848300b87/eur560032012en.html