მურმან დუმბაძე: ბათუმის 40 სართულიანი შენობა გმირთა საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ აშენდება

მურმან დუმბაძე: ბათუმის 40 სართულიანი შენობა გმირთა საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ აშენდება

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, მურმან დუმბაძის განცხადებით, ბათუმში 40-სართულიანი შენობა, გმირთა საფლავების ნაცვლად, სხვა ტერიტორიაზე აშენდება. ამის შესახებ დუმბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა მიაწოდა ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ თურქულ კომპანია "სისთემ ინშაათსა" და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2012 წლის 11 ივლისს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

დუმბაძის განცხადებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2012 წლის 11 ივლისს შპს "სისთემ ინშაათსა" და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (შეთანხმება), რომლის საფუძველზეც საკუთრების უფლებით შევიძინეთ 3997 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკ. კოდი 05.21.01.023) მდებარე ქ. ბათუმის ზღვისპირა პარკის ტერიტორია, რუსთაველის ქ.#4-6-ში.

„ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გასხვისდა. ამასთან, გმირთა საფლავების მიმდებარედ ტერიტორიის ფართობი 2900 კვ.მ-ს შეადგენდა, ახალი ხელშეკრულების მიხედვით კი, ტერიტორიის ფართობი 3997 კვ.მ-ს შეადგენს. ყოველივე ამასთანა დაკავშირებით საპატრიარქოსა და საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო. გმირთა საფლავების მიმდებარედ ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოები საბოლოოდ შეწყდა", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

მრავალფუნქციური 40 სართულიანი შენობა 2016 წლის 15 იანვრამდე უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში.