„ახალი მემარჯვენეები“ გორში არსებული ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს

„ახალი მემარჯვენეები“ გორში არსებული ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს

"ახალი მემარჯვენეების" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ბორცვაძე ქალაქში არსებული ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს. ის დღეს გორში კვერნაკის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნაგავსაყრელთან ჟურნალისტებთან ერთად მივიდა და ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის არსებობა გააპროტესტა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში გორში კვერნაკის დასახლებიდან 1 კილომეტრში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც მთელს ქალაქს ემსახურება და გაუსაძლისი გახადა მოსახლეობის ყოფა მიმდებარე ტერიტორიებზე.

ბორცვაძე აცხადებს, რომ ყოველდღე აქ ათობით ტონა ნაგავი იყრება, რომელსაც შემდგომ ცეცხლს უკიდებენ, ბოლი და ფერფლი იფანტება დასახლების ტერიტორიაზე და აღნიშნა, რომ ქარის შემთხვევაში კი იქ ყოფნა ფაქტიურად შეუძლებელია.

„ზაფხულში ამ დასახლებაშიც და ქალაქის მიმდებარე ნაწილშიც აუტანელი სუნი და ბუზების სიმრავლეა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნაგავსაყრელი მდინარე მტკვრის გვერდითაა განთავსებული და სეროზულ საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის",- განაცხადა სოსო ბორცვაძემ.

მემარჯვენეების მაჟორიტარობის კანდიდატმა ხელისუფლებას ნაგავსაყრელის გადატანის და ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისკენ მოუწოდა.

"ახალი მემარჯვენეები" მოვუწოდებთ როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანის შესახებ. გორი დიდი ქალაქია და აქ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებაზეც უნდა დაიწყოს ზრუნვა ხელისუფლებამ. სამწუხაროდ, გორის ყოფითი პრობლემების მოგვარება არასოდეს გამხდარა მისი მაჟორიტარი დეპუტატის ზრუნვის საგანი. გორელებს ვპირდები, რომ მომავალ პარლამენტში ამ და სხვა ბევრი იმ პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო სახსრები, რომელიც მათ აწუხებთ, ადექვატურ ასახვას პოვებს ქვეყნის ბიუჯეტში",- განაცხადა სოსო ბორცვაძემ.