ცაგარეიშვილი: 76 ათასი ლარი გადაურიცხეს ფეისბუქს, რომ „სააკაშვილის ნეტარი სახე“ მუდმივად ჩანდეს

ცაგარეიშვილი: 76 ათასი ლარი გადაურიცხეს ფეისბუქს, რომ „სააკაშვილის ნეტარი სახე“ მუდმივად ჩანდეს

ოპოზიციონერ დეპუტატს გიორგი ცაგარეიშვილს აინტერესებს რაში იხარჯება მთავრობისა და პრეზიდენტის 100 მილიონიანი სარეზერვო ფონდები. დღეს

„ჩაანაწერს ვერ მიაგნებთ რაში დაიხარჯა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 38 მილიონი ლარი. სად დაიხარჯა 3 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 38 მილიონი ლარი? – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 4 თვეში  2 მილიონ 131 ათასი ლარია დახარჯული.     

„ეს თანხები გადაიქცა სააკაშვილის პირად ჯიბედ, სადაც ბინძურად აფათურებს ხელს და მილიონებს გადასახადების გადამხდელებს აცლის“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მან კიდევ ერთ ფონდზე ისაუბრა, რომელიც „საქართველოს რეგიონების განსახორციელებელი პროექტების ფონდია“ და საიდანაც გამოყოფილ თანხებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

„ამ ფონდიდან მთავრობის კანცელარიას 1 მილიონი ლარი გამოეყო და მას გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ეტყობა ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა ბევრი ფურცლები იყიდა, ქაღალდის თვითმფრინავებს აკეთებდა და უშვებდა. მას რეპი ჰყვარებია, თან რეპავდა და თან თვითმფრინავებს უშვებდა“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ამავე ფონდიდან ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე ტრანში გამოეყო, ერთ–ერთი შეეხება სოფელ განმუხურში წყლის პარკისა და ატრაქციონის მოწყობას, რომლისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ცაგარეიშვილის  თქმით, სააკაშვილმა ერთხელ განაცხადა, რომ სვანეთიდან ჩამოსრიალდება და პირდაპირ ზღვაში ჩახტება და ეტყობა ამისთვის სჭირდება წყლის პარკი, რომ პირდაპირ ტალღებში გადაეშვას.

დეპუტატმა თავდაცვის სამინისტროსთვის  გამოყოფილ 5 მილიონზეც ისაუბრა, რომელსაც ასევე გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

„მიმდინარე წლის 31 იანვარს, გარემოს დაცვის სამინისტროს 337 ათასი ლარი გამოეყო პრომეთეს მღვიმეში დეკორაციული განათებისა აკუსტიკური სისტემის მოწყობისთვის. ეს ის მღვიმეა, სადაც სააკაშვილმა მთავრობის სხდომა ჩაატარა. სახეებზე შევატყვე, რომ მინისტრებს კარგად არ ესმოდათ, კარგი აკუსტიკა არ იყო და ამის გამოსასწორებლად თანხები გამოიყო, რომ მინისტრებს პრეზიდენტის ყველა სიტყვა მღვიმის ნებისმიერ კუნჭულში ესმოდეთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე განმარტებით, ანაკლიაში ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის და შადრევნის მოწყობისთვის 75 ათასი ლარია გამოყოფილი.

გიორგი ცაგარეიშვილმა კიდევ ერთ თანხაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფეისბუქს 76 ათასი ლარი გადაურიცხა, რომ „სააკაშვილის ნეტარი სახე“ ფეისბუქზე მუდმივად ჩანდეს.