მელიქიშვილი: ჯამში 162 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა

მელიქიშვილი: ჯამში 162 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა

ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრასა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროექტში ცალკე მუხლად 50 მილიონი იქნება აღნიშნული, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციებს, სურსათის უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელებას, ასევე სახურავების გადახურვისა და ინფრასტრუქტურული პროექტებს მოხმარდება. თანხა კახეთის გარდა სამცხე-ჯავახეთს და თიანეთს მოხმარდება.

„50 მილიონი გადაუდებელ და მოკლევადიანი პროექტების განხორციელებას სჭირდება,“ – აღნიშნავს მელიქიშვილი.

მელიქიშვილის თქმით, ამასთან ერთად კახეთის განვითარების პროგრამის დაფინანსების 110 მილიონი ლარით გაზრდა იგეგმება. „ჯამში 162 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა,“ – აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა.

დღეს პარლამენტის ბიუროზე გადაწყდა, რომ საბიუჯეტო პროექტს დეპუტატები დღეს და ხვალ კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში განიხილავენ, 25 ივლისს კი სესიაზე დასამტკიცებლად გავა.