კოალიცია „ქართული ოცნება“ სამართლიანი, კონკურენტული და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას, კერძოდ „ეს შენ გეხებას“ ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტს მხარს უჭერს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კოალიცია მზადაა ამ დოკუმენტში ასახული პრინციპების დაცვის ვალდებულება აიღოს.
„მივიჩნევთ, რომ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ალტერნატიული ინიციატივები ხელს არ უწყობს დეკლარირებული მიზნის მიღწევას. მზად ვართ, სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხი, მათ შორის, არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადაო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი თუ კონსტრუქციული გზების გადაწყვეტის და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის არ გამოყენების ვალდებულება ავიღოთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.