ზვიად ძიძიგური: ხელისუფლებას სარეზერვო ფონდი დახარჯული აქვს სააკაშვილის ხუშტურების დასაკმაყოფილებლად

ზვიად ძიძიგური: ხელისუფლებას სარეზერვო ფონდი დახარჯული აქვს სააკაშვილის ხუშტურების დასაკმაყოფილებლად

სტიქიით დაზარალებული კახეთის მოსახლეობა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და კოალიციის სხვა წევრებმა მოინახულეს. რა განწყობით შეხვდნენ „ხელისუფლების მოყვარული“ კახელები ივანიშვილს, სად წავიდა სარეზერვო ფონდების მილიონები და როგორ აპირებს ივანიშვილი გადარიცხული 10 მილიონის მონიტორინგს? From.ge ზვიად ძიძიგურს ესაუბრა.

-სატელევიზიო სიუჟეტებიდან ნათლად ჩანს, რომ კახეთის მოსახლეობა აღფრთოვანებულია სააკაშვილით და მთავრობის მუშაობით. რა განწყობით შეხვდნენ კახელები ივანიშვილს?

-კახელები ძალიან კარგად შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილს, შეხვდნენ ძალიან დიდი იმედებით, მისი განცხადების შემდეგ. რაც შეეხება იმას, რომ კახეთის მოსახლეობა აღფრთოვანებულია სააკაშვილით, სახელისუფლო ტელევიზიები გადასცემენ იმას, რაც თვითონ აწყობთ.

არის ძალიან სერიოზული საკითხი-სად არის სარეზერვო ფონდის 100 მილიონი? ამ საკითხს ძალიან დიდი გამოკვლევა სჭირდება. ჩვენ თვეების განმავლობაში ვერ მივაღწიეთ იმას, რომ გაგვეგო რა მდგომარეობაშია დღეს სარეზერვო ფონდი, რამდენი და სად  დაიხარჯა ამ ფონდში არსებული თანხები. მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების დაინტერესებაც ამ საკითხით. ჯერ მხოლოდ შვიდი თვეა გასული და საკითხავია, რაში დაეტყო მოსახლეობას ფონდებიდან გაწეული დახმარება? ბიუჯეტის გადასათამაშებლად, სააკაშვილმა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებას სარეზერვო ფონდი დახარჯული აქვს სააკაშვილის ხუშტურების დასაკმაყოფილებლად.

- იმიტომ  სჭირდება პარლამენტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, რომ სარეზერვო ფონდებში თანხები არ არის?

-რა თქმა უნდა ამიტომ დასჭირდა. მათი დათვლითაც კი, თუ საშუალოდ ოჯახს 1000 ლარს აძლევენ და სულ ასეთი 20 000 ოჯახია, ჯამში 20 მილიონი ლარი გამოდის. კიდევ 20 მილიონი დაამატეთ გადახურვებსა და ზეთსა და მაკარონში, რაც საერთო ჯამში მიზერია იმ ოჯახებისთვის, რომელთაც სტიქიამ ყველაფერი გაუნადგურა, სარეზერვო ფონდი კი უნდა  ყოფნოდა კახეთის სტიქიას. მე არ ვამბობ, რომ საკმარისია, მაგრამ იმ გეგმებისთვის,  რაც მერაბიშვილმა და სააკაშვილმა გაახმოვანეს, სრულიად საკმარისი აღმოჩნდებოდა. გეგმები თუ კიდევ უფრო მასშტაბური იქნებოდა, მაშინ კიდევ შეიძლებოდა დამატებითი თანხების მოძიებისთვის ეზრუნა ხელისუფლებას. ამიტომ ვაცხადებ, რომ სარეზერვო ფონდში თანხები არ არის.

-„ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა განცხადება, რომ ისინი დაიწყებენ სტიქიით მიყენებული ზარალის აღრიცხვას, აგრეთვე განახორციელებენ მონიტორინგს ივანიშვილის მიერ გადარიცხულ თანხებზე. როგორ აპირებს კოალიცია ამ მონიტორინგის განხორციელებას?

-მონიტორინგის განხორციელება ადგილებზე მოხდება. შემოწმდება რა სახის და რამდენი დახმარება მიიღო მოსახლეობამ, რა გააკეთა ხელისუფლებამ და ნამდვილად მიიღო თუ არა მოსახლეობამ ის დაპირებული დახმარება, რასაც ხელისუფლება ამდენი დღეა ახმოვანებს.  ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ შესაძლებელი იქნება ამ მონიტორინგის  განხორციელება.