პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ლაგოდეხის სოფლებს სტუმრობდა. ლაგოდეხის უმეტეს სოფელში კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს განადგურებული მოსავალი, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები დახვდა. აღმოჩნდა, რომ გურჯაანის მოსახლეობას სტიქიისგან მიყენებული ზარალის გარდა, არაერთი საყოფაცხოვრებო პრობლემა აწუხებთ, მათ შორის სასმელი წყლის პრობლემა.
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და ადგილობრივებს მიმართა. მისი თქმით, ხელისუფლების განცხადება, რომ დაზიანებულ სახლებს სახურავებით უზრუნველყოფს საკმარისი არა, რადგან სახლებში გადახდილ სახურავებში რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი ჩადიოდა.
„ფაქტიურადმოსახლეობას ყველაფერი გაუფუჭდა. აუცილებელია ყველა ოჯახში დანაკლისის რეალურად აღიწეროს და მოსახლეობას ზარალი მთლიანად უნდა ავუნაზღაურდეთ. უკეთესი სახე უნდა მიიღოს იმ სახლებმა, რომლებიც დღეს დაზიანებულია. ხელისუფლების განცხადება დაზარალებულებისათვის 1500 ლარიანი კომპენსაცია მოსახლეობის დაცინვაა. მე პირადად ვნახე ირიბი გზა, როგორ შეიძლება დავეხმარო მოსახლეობას. საწყის ეტაპზე გადავრიცხე 10 მილიონი ლარი და დანარჩენ მილიონებსაც გადავრიცხავ. გავაკონტროლებ რომ ეს თანხა დაზარალებულ მოსახლეობას მიზნებრივად მოხმარდეს. აბა გაბედონ და არ აღწერონ და არ დააბალანსოს ბოლომდე. ჩვენ ყველაფერს ამას გავაკონტროლებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერმა ყურძნის ფასზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი არა 20 და 40 თეთრი არამედ, 1 ლარი უნდა იყოს.
„აი, ეს იქნება ახლოს იმასთან, რაც დაკარგეს გლეხებმა და არა ის, რასაც ესენი იგონებენ, რომ ყურძნის ფასი 20 თუ 40 თეთრი უნდა იყოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.