„ქართული ოცნების“ წევრის,  გიორგი ნატროშვილის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ნატროშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის, სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები გიორგი ნატროშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  „2012 წლის 22 ივლისს შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი ნატროშვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  239-ე მუხლის  I  ნაწილით.

  გიორგი ნატროშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მარინე ჩითინაშვილს. აღნიშნულ ინცინდენტს  ასევე  შეესწრო ქუჩაზე მაცხოვრებელი მოსახლეობაც. საქმეს  იძიებს  კახეთის  სამხარეო  მთავარი  სამმართველო“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ,  გიორგი ნატროშვილი პოლიციამ დღეს დააკავა. ინციდენტი სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებოდა.