„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტიკური პარტიებისადმი შეთავაზებულ დეკლარაციაში, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პუნქტების ჩამატება მისასალმებელია, მაგრამ ამასთანავე უსინდისო საქციელია“, - ასე შეაფასა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და საგარეჯოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა წინასაარჩევნოდ პარტიებს შორის ურთიერთობების დარეგულირების დეკლარაციაში არასამთავრობო ორაგნიზაციების ინიციატივების ჩამატება.
როგორც ხიდაშელმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ხელისუფლებამ ფაქტიურად მიითვისა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა, რაც მისთვის მიუღებელია. მისი თქმით, ასეთი საქციელი ზოგადად ხელისუფლებისთვის არის დამახასიათებელი და ამაში გასაკვირი ფაქტიურად, არც არაფერი არ არის.
„ეს არ შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული პარტიის ინიციატივა, რომელიც თავად არის დამრღვევი და პრობლემის შემქმნელი. ინიციატივა შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალური მხარის შემოთავაზებით და არა რომელიმე ისეთი პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც განსაკუთრებულ დარღვევებსა და ძალადობაშია შემჩნეული“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე განმარტებით, ზოგადად კანონი იმისთვის არსებობს, რომ ყველა მას ემორჩილებოდეს. დოკუმენტი კი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია შეიმუშავოს, ვერ მოგვცემს ურთიერთობების დარეგულირების გარანტიას.
თინა ხიდაშელის განცხადებით, არაერთი ფაქტი მომხდარა, როცა ჩვეულებრივ ხელმოწერილი დოკუმენტი დარღვეულა და არ გათვალისწინებულა სხვადასხვა მხარის მიერ.
„სამწუხაროდ საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც, რაც კანონშია გაწერილი, არასოდეს არ არის საკმარისი და ამას „დედას გეფიცები“ გარანტიები სჭირდება. მაგრამ, ამის მიუხედავად, მე იმედი მაქვს, რომ არასამთავრობოები მოახერხებენ და შეძლებენ ამ პროცესის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას და ჩვენ მხოლოდ ამ შემთხვევაში მივესალმებით ამ ინიციატივას“, - განაცხადა ხიდაშელმა.