„თავისუფალი საქართველო“ „რუსთავი 2“- ს პარტიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. აღნიშნულის შესახებ, პარტია განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რუსთავი 2“- ის ეთერით, თენგიზ გოგოტიშვილმა მეუფე იობზე თავდასხმა გააგრძელა. ამჯერად კი, გოგოტიშვილის ყურადღების ცენტრში პარტია „თავისუფალი საქართველოც“ მოექცა.
„თავისუფალი საქართველო“ მადლობას უხდის „რუსთავი 2“-ს პარტიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ვინაიდან, ისეთი დისკრედიტირებული ჟურნალისტის მხრიდან, როგორიც თენგიზ გოგოტიშვილია, პარტიის გალანძღვამ, სასარგებლოდ იმოქმედა ჩვენს რეიტინგზე. ამასთან, პარტია მზად არის „რუსთავი 2“-თან გააფორმოს სარეკლამო კონტრაქტი, რათა ტელეკომპანიამ უზრუნველყოს კვირაში ერთხელ, გოგოტიშვილის მხრიდან ჩვენი პარტიის „მაკომპრომიტირებელი“ სიუჟეტის განთავსება ეთერში. ამას გარდა, ცხადია, რომ სახელისუფლებო ტელეკომპანიის ეთერით ატეხილი პიარ-ისტერიის რეალური დამკვეთი, სააკაშვილ-მერაბიშვილის კლანია, რომელთა მიზანსაც მეუფე იობის არა მხოლოდ დისკრედიტაცია, არამედ მისი ნეიტრალიზაცია წარმოადგენს“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან „თავისუფალი საქართველო“ ყველა ოპოზიციურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს, მეუფე იობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვისაკენ.