კახეთში სტიქიით მიყენებული ზარალი ხელისუფლებამ პირველ ეტაპზე 15 მილიონ ლარად შეაფასა, ხოლო მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა 10 მილიონის გადარიცხვა გადაწყვიტა დაზარალებულთა დახმარების ფონდში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასა და აღდგენით სამუშაოებს ალბათ, ასობით მილიონი დასჭირდება. ექსპერტი გია ხუხაშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი პოლიტიკა გააჩნია -ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტმა ვერ უნდა შეძლოს კეთილი ნების გამოჩენა და საქმის გაკეთება, ამიტომ ბუნებრივია, რომ მათი მხრიდან ივანიშვილის ეს ნაბიჯი იქნა შეფასებული, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება.
-ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, საზოაგდოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა განწყობა, რომ იგი ბიუჯეტისთვის გადასახდელ თანხას დებდა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში.
ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ეხმარებოდა მოსახლეობას, არა მარტო ასეთ სიტუაციებში, არამედ ზოგადად, მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში. ახლა ის შეზღუდულია პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე. რადგან ხელ-ფეხი შეკრული აქვს, სამწუხაროდ არასტანდარტული მეთოდით ცდილობს, რაღაც წვლილი გაიღოს ამ ადამიანების დასახმარებლად. რადგან მთავრობა ამბობს, რომ მას ფული არ აქვს და უკანასკენლ კაპიკებს აგროვებს კახელების დასახმარებლად, ივანიშვილმა უთხრა მათ: -აი, თქვენ ათი მილიონი და მოახმარეთ ხალხს. პარლალელურად, „ქართული ოცნება“ აპირებს მონიტორინგის განხორციელებას, როგორ დახარჯავს ხელისუფლება მოსახლეობის დახმარებისთვის განკუთვნილ თანხებს. ივანიშვილის ეს ნაბიჯი შეიძლება ვიღაცამ არ გაიზიაროს, იგი ამბობდა, რომ მე ჯარიმას არ ვიხდი, მაგრამ რადგან მოსახლოებისთვის საჭირო გახდა დახმარების აღმოჩენა და სხვა მექანიზმი მე არ მაქვს, მე ამ ფულს დავდებ, რადგან ბიუჯეტში ფული გაჩნდეს და მოსახლეობას დახმარება აღმოუჩნდეს.
-შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ ეს არის კარგად გათვლილი პოლიტიკური დარტყმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ?
-მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილის მიზანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დარტყმის მიყენება იყო. ის არ არის ასეთი ადამიანი. თუმცა, თუ გვერდიდან შევაფასებთ ამ სიტუაციას, შეიძლება ხელისუფლების მხრიდან ეს ასე აღმოჩნდეს აღქმული. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან უცნაური პოლიტიკა-ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტმა ვერ უნდა შეძლოს კეთილი ნების გამოჩენა და საქმის გაკეთება. ბუნებრივია, რომ მათი მხრიდან ეს იქნება შეფასებული, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხელისუფლებას ხომ სინამდვილეში კახელი გლეხი არ აინტერესებს, მათ აინტერესებთ არჩევნების შედეგი. ზუსტად ამიტომ დაიწყეს მათ საუბარი იმაზე, რომ კახეთის სტიქიის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის 10-15 მილიონი ლარი იყო საჭირო, როგორც კი ივანიშვილმა განაცხადა, რომ 10 მილიონს დებდა კახელების დასახმარებლად, მაშინვე ალაპარაკდა პრეზიდენტი ვირტუალური 100 მილიონის საჭიროებაზე. რატომ დაიწყეს მათ საუბარი თავდაპირველ 10 მილიონზე, რომელიც უცებ 100 მილიონი გახდა? ეს არის ხელისუფლების უცნაური არითმეტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, მთელ მათ მოღვაწეობას გასდევს თან.
-შეცვლის თუ არა კახელების განწყობას არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ ლიდერის ეს განცხადება?
-კახელების განწყობა არც მანადე ყოფილა უარყოფითი „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს „ნაციონალების“ სურვილია, რომ კახელები მაინცდამაინც „ქართული ოცნების“ მიმართ იყვნენ განწყობილები. მალე ნახავს ხელისუფლება ამ განწყობას. ჯობდა ეს ფაქტი არ ყოფილიყო, თუმცა, სტიქიური უბედურებისგან დამოუკიდებლადაც ეს განწყობა ძალიან დადებითი გახლდათ . ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი აგური იქნება კახელების და „ქართული ოცნების“ ურთიერთობაში.