ქარელის რაიონის სოფლებში მაცხოვრებლებს ცხინვალისთვის გადაცემით ემუქრებიან

ქარელის რაიონის სოფლებში მაცხოვრებლებს ცხინვალისთვის გადაცემით ემუქრებიან

 ქარელის რაიონის  სოფლებში მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებში ხუთიანს არ შემოხაზავენ, მაშინ ცხინვალს გადასცემენ. ქარელის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და მოსახლეობის დაშინება დაიწყო.

ქარელის რაიონის სოფლების: ავლევის, კნოლევის და ცერონისის  მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ გამგეობისა და საკრებულოს ზოგიერთი თანამშრომელი აკითხავს და ემუქრება, რომ  თუ ბიულეტენში ნაციონალების ნომერს არ შემოხაზავენ, მაშინ „შავი დღე“ დაადგებათ.

From.ge-სთან საუბარში  ცერონისში მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა, რომ მოსახლეობის ნაწილს ამ მუქარის ეშინია და ხმას ვერ იღებს.

„სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი იმდენად  დაშინებულია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისაც კი ეშინია. ადგილობრივ ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუ ჩვენს მიმართ დამსჯელ ღონისძიებებს გამოიყენებენ და ძალას გვაჩვენებენ, საბოოლოდ გაგვტეხენ, მაგრამ ჩვენი დაჩოქება ასე იოლი არ არის“, - აღნიშნა ცერონისის მკვიდრმა. მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს  ხელისუფლებამ ხელისგულზე ატაროს ათასჭირგამოვლილი ხალხი, რომელმაც საკუთარი მიწა-წყალი ომის დროსაც კი არ მიატოვა, უხეშად ესაუბრებიან და  ცხინვალთან მიერთებით ემუქრებიან.

„ომის დროს, ზოგს სახლი გადაგვეწვა, რომელიც შემდეგ ხელისუფლებამ აღგვიდგინა, ზოგს კომპენსაცია მისცეს, ახლა ამასაც გვაყვედრიან, თითქოს ჩვენი ბრალი იყო რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მცდელობის მიუხედავად, არჩევნებში ყველა წავალთ და იმას შემოვხაზავთ ვინც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა სოფელ ცერონისის მაცხოვრებელმა.