მედისაშუალებების წარმომადგენლები ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენებისთვის ყადაღის მოხსნის მოთხოვნით დღეიდან სპეციალურ კამპანიას იწყებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა „თბილისის მარიოტში“ დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.
მათი თქმით, კამპანიის მიზანია „მაესტროს“ კუთვნილი ანტენებს მოეხსნას ყადაღა და ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს.
როგორც ტელეკომპანია კავკასიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, კამპანია არ შეწყდება მანამ, სანამ შედეგს არ მიაღწევენ და არ მოხდება „მაესტროსთვის“ კუთვნილი ქონების დაბრუნება.
„ჩვენ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ სამართლიანობა აღდგეს. ამისათვის კი კამპანიის ფარგლებში ჩატარდება აქციები, შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიებები“, - განაცხადა მან.
დღესვე მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა კამპანიის ფარგლებში პირველი ღონისძიებაც დაგეგმეს - ისინი 25 ივლისს, 17 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ, ხოლო 23 ივლისს, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაბრუნების მოთხოვნით განცხადებებს შეიტანენ.
მედიასაშუალებების წარმომადგენლები ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლის განვითარებულ მოვლენებზე დღეს 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. მათ სპეციალური მიმართვაც შეიმუშვეს, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 20-მდე მედიასაშუალების ხელმძღვანელი აწერს.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიმართვის საფუძველზე „მაესტროს“ სატელიტური ანტენები 11 ივლისს დააყადაღა.