ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტის, ლადო პაპავას შეფასებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათვის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული დახმარების პაკეტი, მოსახლეობის ზარალს ნაკლებად შეესაბამება და აცხადებს, რომ გაუბედურებული ხალხისთვის მაქსიმუმ 1500 ლარით დახმარება არანაირი კომპენსაცია არაა.
„მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში, იძულებული იქნებოდა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარება აღმოეჩინა. მოსახლეობამ არაერთ რეგიონში მართლაც, ძალიან სერიოზული ზარალი მიიღო, მაგრამ მათ დასახმარებლად ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პაკეტი, მათ ზარალს ნაკლებად შეესაბამება“, - განაცხადა პაპავამ.
შესაბამისად, პაპავა მიიჩნევს, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინადადება მისაღები და კონსტრუქციულია.
მისივე თქმით, ივანიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ხელ - ფეხ შეკრული, რომ არ იყოს, მოსახლეობას უკვე დაეხმარებოდა, რაც მათ მდგომარეობას სერიოზულად შეუმსუბუქებდა.
„დაზარალებულთა დასახმარებლად, ივანიშვილის სქემა, რომლითაც ის მზადაა უკანონოდ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს, თუ ეს ჯარიმა სწორედ ამ გაჭირვებული ხალხის დახმარებას მოხმარდება ვფიქრობ, ძალიან კონსტრუქციულია. კარგი იქნება, თუ მთავრობა თავის სკამზე ფიქრს დაივიწყებს, დაზარალებულებზე იფიქრებს და ამ თანხას მართლაც, მათ დასახმარებლად გამოიყენებს“, - განაცხადა პაპავამ.
პაპავა მიიჩნევს, რომ კოალიციის ლიდერის ამ განცხადებას მოსახლეობა ადექვატურად მიიღებს და აღნიშნავს, რომ თუ ივანიშვილის რესურსი იქნება გამოყენებული ხალხი ამას დააფასებს ხოლო, თუ არ იქნება გამოყენებული, მოსახლეობა ამასაც ადექვატურად გაიგებს.
ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტის თქმით, მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, რომ როგორც თვითონ ივანიშვილი ამბობს, ამას არა ხმების მოსაპოვებლად არამედ, ხალხის დასახმარებლად აკეთებს.
„კარგი იქნება ხელისუფლებაც თუ იგივე ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ივანიშვილი თურმე, ამას პოლიტიკური მოსაზრებებით აკეთებს, რეალურად კი ისაა, რომ პოლიტიკური მოსაზრებებით ივანიშვილი ჯარიმას არ იხდის“, - განაცხადა პაპავამ და დასძინა, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი ჯარიმის სრულ თანხას გადაიხდის, ეს ბიუჯეტს შეემატება და მთავრობამ, რაც უნდა ის თქვას“.
„ფაქტობრივად, ეს ივანიშვილის ფული იქნება, რასაც ხალხი მიიღებს, თუკი რა თქმა უნდა მთავრობა ამ ფულს არ შეჭამს და მართლა ხალხს მისცემს“, - აღნიშნა პაპავამ.
შეკითხვის პასუხად, მიიმართება თუ არა ივანიშვილის მიერ გადახდილი თანხა დაზარალებული მოსახლეობისადმი პაპავა აცხადებს, რომ ამას სერიოზული საზოგადოებრივი კონტროლი სჭირდება.
აქვე პაპავა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე განცხადებას ივანიშვილი აკეთებს და არა კოალიცია „ქართული ოცნება“.
„ამასაც ანგარში უნდა გაესვას. აქ არაა საუბარი, რომ ეს პარტიული განცხადებაა. ეს ქველმოქმედის განცხდებაა, რომელიც იმავდროულად პოლიტიკაშია. სწორედ ის, რომ მისი ყველა ნაბიჯი პოლიტიკური დატვირთვითაა შეფასებული და ამის გამო, მას ხელ-ფეხი შეუკრეს, ეს ისევ და ისევ მთავრობის გაკეთებულია“, - განაცხადა პაპავამ.
შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რიგი ექსპერტების განცხადებების შეფასებაზე, რომელთა თქმითაც, ივანიშვილის მიერ მოსახლეობისადმი გაწეული დახმარება პოლიტიკურ სვლად აღიქმება, პაპავა აცხადებს, რომ მთავრობის ნაბიჯები: ამ საქმეში მოგელაძის ჩართვა, ივანიშვილის ტყუილად დაჯარიმება, ანგარიშების დაყადაღება, ფირმების გაჩერება და ლამის ბანკის წართმევა მთავრობის წინასაარჩევნო სვლა არაა?
„მთავრობაში ანგელოზები არიან და ბოროტება ოპოზიციაშია? კარგად ჩაიხედონ სარკეში და თავზე ხელი გადაისვან, ეგებ რქებიც მოისინჯონ“, - განაცხადა პაპავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულები სამ კატეგორიად დაიყოფიან. დაზარალებულთა პირველ კატეგორიაში შედიან ისინი, ვინც მოსავლის 100 პროცენტი დაკარგა და მათ გადაეცემათ 1300-დან 1500 ლარამდე, მეორე კატეგორიაში ისინი მოხვდებიან, ვინც ვინც მოსავლის 70 პროცენტი დაკარგა და 800-დან 900 ლარამდე მიიღებენ. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელთაც სტიქიამ მოსავლის 50 პროცენტი გაუნადგურა, 300-დან 500 ლარამდე მიიღებენ.
ასევე დაზარალებულთა დახმარების ინიციატივით გამოვიდა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე 10 მილიონი ლარი გადარიცხა. ივანიშვილის თქმით, ცნობილი გარემოებების გამო არ აქვს შესაძლებლობა პირადად დაეხმაროს სტიქიური უბედურებით დაზარალებულ მოსახლეობას, რადგან ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება.