პარტია „თავისუფალი საქართველო“ მწუხარებას გამოთქვამს კახეთში მომხდარი ინციდენტის გამო და სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მხარდაჭერას უცხადებს.
პარტიის პოლიტიკური მდივნის, თენგიზ ომანაძის განცხადებით, პარტია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სრულად უნდა აანაზღაუროს არსებული ზარალი და ასევე, გამოუყოს გლეხებს დამატებითი სუბსიდიები, რათა მათ სრულფასოვანად შეძლონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაგრძელება.
ამასთანავე, პარტია მიიჩნევს, რომ პარტიები დაზარალებულებს საკუთარი პიარისთვის იყენებენ. ამიტომ „თავისუფალი საქართველო“ ყველა პოლიტიკურ ძალას, სტიქიით დაზარალებულების საკუთარი პიარისთვის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„პარტია არაეთიკურად მიიჩნევს როგორც სახელისუფლებო, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საკუთარი წინასაარჩევნო პიარ-კაპმანიისთვის გამოყენებას. ამორალურია, როცა დატბორილ და განადგურებულ საცხოვრებლებში მოსახლეობას პოლიტიკური ლიდერები კამერების თანხლებით უვარდებიან და საჩვენებელ შოუებს აწყობენ დაზარალებულების მონაწილეობით“, - აცხადებს ომანაძე.
19 ივლისს კახეთში მოსულმა წვიმამ, რასაც თან დაერთო ძლიერი ქარი, სერიოზულად დააზარალა რეგიონის მოსახლეობა. დაიტბორა სახლები და დაიხოცა შინაური ფრინველი. განადგურდა ნათესები და სავენახე სავარგულები.