პარტია „ახალმა მემარჯვენეებმა“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. პრეზენტაცია ოზურგეთის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა, სადაც კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, დავით გამყრელიძემ წარმოადგინა.
ოზურგეთის რაიონში „მემარჯვენეებისგან“ კენჭს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან კალანდაძე იყრის. გამყრელიძის თქმით, ამ კანდიდატისთვის გურია მშობლიური მხარეა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოვლილი აქვს და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართული აქვს თითქმის ყველა სოფელში. ამიტომ მისთვის უცხო არ არის ეს მხარე.
„ლევანი „ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელია. მისთვის ოზურგეთი და სოფლის პრობლემატიკა უცხო არ არის. იმედი მაქვს, რომ მისი ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები და რაც მთავარია, გამოცდილება ოზურგეთელი ამომრჩევლების მიერ შესაბამისად შეფასდება“ – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
რაც შეეხება დანარჩენ რაიონებს, ჩოხატაურის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გელა ლომინეიშვილი წარადგინეს, რომელიც „ახალი მემარჯვენეების“ ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, ხოლო ლანჩხუთის რაიონში „მემარჯვენეებმა“ ბადრი გვარჯალაძის კანდიდატურა დაასახელეს.