ზესტაფონში, მარგანეცის მომპოვებელი კომპანია "ჯორჯიან მარგანეზის" გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრაში კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს გუბაზ სანიკიძესა და კოალიცის სხვა წევრებს გაფიცულ მუშებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრი ზესტაფონის რაიონში ზაზა კაპანაძე from.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც მუშებთან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და მარგანეცის კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი რომან ფიფია მუშებს ჩუმად შეხვდნენ, სიტუაცია დღეისთვის დამშვიდებულია.
„რამდენიმე თვეა, უკვე მუშები ხელფასის მატებას ითხოვენ, იმ არსებული სამუშაო პირობების გამო, რაშიც მათ უწევთ მუშაობა. მუშები 50%-იან მატებას ითხოვდნენ, კომპანიის მფლობელები კი 35%-იან მატებას და პრემიებს პირდებოდნენ. არ ვიცი რა მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს, თვითმფრინავით ჩამოფრენილ რომან ფიფიასა და მუშებს შორის მოლაპარაკება შედგა და როგორც ამბობენ, 35%-იან ხელფასისი მომატებაზე შეთანხმდნენ. ამ დროისთვის მუშები თითქმის დაშლილები არიან“,-აცხადებს კაპანაძე.
რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, კაპანაძის განცხადებით, ზესტაფონში ისევ აქტიურობს სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი ვალერი თელია, რომელსაც არაფერი შეხებია და მიუხედავად იმის, რომ ჟურანლისტის შეურაცხყოფისთვის მასზე სისხლის სამართლის საჩივარია შეტანილი, მაინც თანამდებობაზე რჩება.
„თურმე თელია წყვეტს, გუბაზ სანიკიძე ან „ქართული ოცნების“ წევრები შევიდნენ თუ არა ქარხნის ტერიტორიაზე. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი გამგეობა იქ იყო და მათი ხელფასების მომატებაზე იყო საუბარი, მუშებს ჩვენს მიმართ განწყობა არ შეუცვლიათ, მე ეს კერძო საუბრებიდან ვიცი“,-განაცხადა ზაზა კაპანაძემ.