კახეთის რეგიონის სოფლებში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა მთავრობისგან სასურსათო დახმარების პაკეტს მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თელავში გამართულ მთვარობის სხდომაზე მიიღეს.
დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა მხარის გუბერნატორისა და მინისტრებისგან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა. სადაც გადაწყდა, რომ შეიქმნება სოციალური ჯგუფები, რომლებიც ოჯახებში დაივლიან და მათ მდგომარეობას შეისწავლიან.
ამის შემდგომ მერაბიშვილის ინიციატივით, მოსახლეობა პირველ, მეორე და მესამე კატეგორიებად დაიყოფა. ისინი სასურსათო პაკეტს მიიღებენ, რომელშიც ფქვილი, ზეთი, შაქარი და ასევე, აუცილებელი საყოფაცხოვრებო ინვენტარი შედის. ამასთანავე, ყველა დაზარალებულ ოჯახს შესაბამისი კომპენსაციაც დაურიგდება.
19 ივლისს გამთენიისას ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან გრიგალი და სეტყვა ახლდა, საქართველოს რამდენიმე რეგიონი, მათ შორის კახეთი განსაკუთრებით დააზარალა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა მოსავალი, მოსახლეობას შინაური ცხოველები და ფრინველები დაეხოცა.