წინასწარი მონაცემებით, ძლიერი წვიმისა და სეტყვით მიყენებული ზარალის ოდენობა 500 000 ლარს აღწევს. ამის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ შაღაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიამ დუშეთის რაიონში ძირითადად სოფელ ბულაჩაურის მოსახლეობა დააზარალა.
„ბულაჩაურში სულ 250 მოსახლეა. ზარალი ყველა მათგანს მიადგა. დასეტყვილია 30 ჰა სასოფლო–სამეურნეო სავარგული. წინასწარი მონაცემებით, სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა 500 000 ლარს აღწევს. შექმნილია სპეციალური კომისია და ზარალის ზუსტი ოდენობა რამდენიმე დღეში დაზუსტდება,“ - განაცხადა შაღაშვილმა.
19 ივლისს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა. განადგურდა სათბურები და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები. ღვარცოფისგან ჩამოტანილმა ქვა–ღორღმა სოფლის გზა ჩახერგა.
ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.