პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა კალაძე 12 ივლისს კარალეთში მომხდარ ინციდენტს და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაკავებას მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნად აფასებს.
კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ არიან დაკავებულნი, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთ უსაფუძვლოდ დაკავებულ ადამიანებს კოალიციის მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.
„ეს ადამიანები სრულიად უსაფუძვლოდ არიან დაკავებულნი. მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ერთია, რომ ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ჩვენი წარმომადგენლები არიან. ეს მიზანმიმართული პოლიტიკური დევნაა. ყველა ის ადამიანი, ვინც ასე უსაფუძვლოდ იქნება დაკავებული, ჩვენგან მაქსიმალურად მხარდაჭერილი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, კარალეთში „ქართული ოცნების“ წევრებს, ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 11 ივლისს მოხდა, რომლის დროსაც 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები.
პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ხუთი პირი დააკავა, რომელთაგან 4 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივეს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.