„ახალმა მემარჯვენეებმა“ ქვეყანაში მონოპოლიების არსებობა ამჯერად ბათუმში გააპროტესტეს. ქალაქის ქუჩებში ახალგაზრდა მემარჯვენეებმა აქცია გამართეს და მოსახლეობას სპეციალური ფლაერები დაურიგეს.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობას „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია და მემარჯვენეების აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ. მათ ახალგაზრდებთან ერთად მოსახლეობას ფლაერები დაურიგეს და გაესაუბრნენ.
როგორც აქციის დასრულების შემდეგ დავით გამყრელიძემ განაცხადა, „ახალი მემარჯვენეები“ ფართომასშტაბიან კამპანიას „არა მონოპოლიებს“ ვეწევით. ამ კამპანიის მიზანი ქვეყანაში საწვავის, ფარმაცევტულ, გადაზიდვების, სურსათის იმპორტის და სხვა ბაზრებზე არსებული მონოპოლიების მოსპობაა. ამ აქციებით ვაპირებთ თითოეული მოქალაქე ჩავრთოთ ამ პროცესში და ხელისუფლება ვაიძულოთ შეწყვიტოს მონოპოლიების შექმნა, მათი მფარველობა და ამით ხალხის ინტერესების დაზარალება. მონოპოლიები ანგრევს ეკონომიკას, ხელს უშლის სამუშაო ადგილების შექმნას, უძვირებს ცხოვრებას ხალხს“,- განაცხადა გამყრელიძემ.