პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტის შენობით რამდენიმე საინვესტიციო ჯგუფია დაინტერესებული.
აღნიშნული კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, თუმცა, სავარაუდო ინვესტორების ვინაობა არ დაასახელა.
ბაქრაძემ განმარტა, რომ შენობით დაინტერესებულები არიან როგორც უცხოური, ისე ქართული საინვესტიციო ჯგუფები.
“კონკრეტულ დეტალებზე უკეთესი იქნება ეკონომიკის სამინისტროს მიმართოთ, ვინაიდან შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ამიტომ მისი განმკარგავი სახელმწიფოა. მოლაპარაკებებიც და გადაწყვეტილებებიც თავის დროზე წარიმართება და ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო გაცნობებთ”, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, პარლამენტის შენობა რუსეთსა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ბუბა ქებურიამ 50 მილიონ ლარად იყიდა. ქებურია რესტორან “ამბასადორისა” და საგამოფენო სახლის მფლობელია.
რაც შეეხება პარლამენტის შენობაში მიმდინარე პროცესებს, ბაქრაძე აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებულია ზოგიერთი ჟურნალისტის კომენტარით.
“თითქოს ახლა გაიგეთ, რომ რომ თბილისში საქართველოს პარლამენტი აღარ იქნება. უკვე ორ წელიწადზე მეტია ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა მიმდინარეობს, იქ უკვე ერთი სიმბოლური სხდომა ჩავატარეთ და საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღეთ. მეტი რა უნდა გავაკეთოთ, რომ ყველამ გაიგოს, ოქტომბრიდან პარლამენტი ქუთაისში იქნება, მე ვერ წარმომიდგენია“, აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე განმარტებით, პარლამენტი გადასვლის პროცესშია და ოქტომბრიდან ახალმა პარლამენტმა ქუთაისში უნდა დაიწყოს მუშაობა. ბაქრაძის თქმით, პარლამენტის გადასვლა არ არის მხოლოდ დეპუტატების შესვლა ახალ კაბინეტებში, ეს არის არის ძალიან შრომატევადი პროცესი.
რაც შეეხება თანბამშრომლებსა და დეპუტატებს, ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის დატოვებას მათ არავინ აძალებს, ისინი ჩვეულებრივად დარჩებიან და მათი გადასვლა მოხდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი გადავა.