გასული ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა თელავს დიდი ზარალი მიაყენა. ქალაქში ფესვიანად მოთხრილია ხეები, საცხოვრებელ სახლებს, კორპუსებს გადახდილი აქვთ სახურავები, დაზიანებულია კომერციული დაწესებულებები, ბენზინგასამართი სადგურები, მარკეტები, დამტვრეულია ბანერები, სარეკლამო აბრები და ჩამსხვრეულია ფანჯრები. განადგურა ქალაქისა და სოფლების ინფრასტრუქტურა, განადგურდა მოსავალი.
მთელი ქალაქის მასშტაბით მუშაობენ სამაშველო სამსახურები, რომლებსაც სამხედროები ეხმარებიან.
სპეციალური კომისიები ზარალის ოდენობას ითვლიან.
მსგავსი მასშტაბების სტიქია, რაც გუშინ კახეთის რეგიონში მოხდა, გურჯაანისა და თელავის რაიონში მცხოვრებ უხუცესებსაც არ ახსოვთ.
ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს, რომ გამთენიისას, დაახლოებით 04.00-დან 05.00 საათამდე ძლიერი ქარიშხალი, წვიმა და სეტყვა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსახლეობის განცხადებით, ამ ყველაფერს თან ახლდა მიწისძვრის მსგავსი ბიძგები და ისინი ნახევარი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ, როდის დაინგრეოდა მათი სახლები.
ამ ეტაპზე თელავისა და გურჯაანის რაიონების სოფლების მოსახლეობა სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის. ისინი სამაშველო სამსახურების, დახმარებით, სახლებსა და ეზოებს ნარჩენებისგან ასუფთავებენ.
თელავში ამ დროისთვის პურის, წყლისა და სანთლების დეფიციტია, რადგან მთლიანად განადგურებულია ელექტროსადენები და ქალაქი დენის, გაზისა და წყლის გარეშეა გარეშე.
თელავის რაიონულ საავადმყოფოს არ გააჩნია ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო.
წუხელ დაახლოებით 18-მდე პაციენტი იყო მიყვანილი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებით, თუმცა, ამ მომენტისთვის იქ მძიმე ავადმყოფი აღარ რჩება.
სტიქიის გამო კახეთის 30-მდე სოფელში მოსავლის 80-100% განადგურებულია, რაც 11 600 ჰექტარს მოიცავს.