შალვა შავგულიძე: უსამართლობის წინააღმდეგ  საბრძოლველად მოვდივარ(VIDEO)

შალვა შავგულიძე: უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად მოვდივარ(VIDEO)

ვაკეში კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით, მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისთვის ცნობილი ადვოკატი,  შალვა შავგულიძე იბრძოლებს. როგორც შავგულიძე აცხადებს, ის ამჟამად ოჯახთან ერთად, მთაწმინდაზე ცხოვრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ვაკის პრობლემებს და მოსახლეობას ძალიან კარგად იცნობს. შესაბამისად, შავგულიძეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ნდობას ოპოზიციონერ ლიდერს, კონკრეტულად კი, მას გამოუცხადებს.

შავგულიძე აცხადებს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდის და გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში ისეთი კანონების შემუშავებას ეცდება, რომლებითაც  რუსთაველს თუ დავესესხებით, „ქნა მართლისა სამართლისა“ შესაძლებელი გახდება.

კონკრეტულად,  რას აპირებს სამართიანობისთვის საბრძოლველად, რა სამოქმედო გეგმა აქვს და  როგორ აფასებს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საკუთარ ძალებს და ხელისუფლების რესურსებს From.ge შალვა შავგულიძეს ესაუბრა.

შალვა შავგულიძე: ამჟამად, ოჯახთან ერთად, მთაწმინდაზე ვცხოვრობ, თუმცა ვაკელი გახლავართ, მესამე თაობის ვაკელი ვარ. ვაკე მარტივად რომ ვთქვა, ჩემი სახლია. იქ მყავს  კლასელები,  მეგობრები,  ჩემი მშობლების მეგობრები და აშ.

რაც შეეხება გეგმას,  გეგმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“  საზოგადოებისთვის ფაქტიურად,  უკვე წარდგენილი აქვს.   გამოსასწორებელია ქვეყნის ცხოვრების თითქმის ყველა სფერო დაწყებული სოფლის მეურნეობიდან,  ჯანდაცვა, საგარეო პოლიტიკა და აშ. მე კი შევეხები და უფრო პრიორიტეტულად აქცენტს  სამართალწარმოების სფეროზე გავაკეთებ.  დღეს,  თუკი რაიმე ძალიან აწუხებს ვაკის მოსახლეობას და მთელ საქართველოს ეს უსამართლობის განცდაა. აი, პირადად მე,  ამ უსამართლობის წინააღმდეგ  საბრძოლველად მოვდივარ. რვა წელია, რაც ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაშია და ამ უსამართლობასთან ბრძოლა მიწევდა. ხელისუფლების მიერ,  ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები იქნა გატარებული, რომ ჩვენი კანონმდებლობა საერთაშორისო  სტანდარტებს აბსოლუტურად დაშორდა. მიმაჩნია, რომ   უპირველესად გამოსასწორებელი ესაა და ჩემი მთავარი ამოცანა სწორედ, იმაში  მდგომარეობს, რომ  საქართველოს პარლამენტმა  ისეთი კანონები შეიმუშავოს, რომლებითაც შესაძლებელი გახდება „ქნა მართლისა სამართლისა“, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

- უსამართლობის წინააღმდეგ, სამართლიანობის  აღდგენისთვის ბრძოლას როგორ აპირებთ ან კონკრეტულად, რა კანონების შემუშავებას აპირებთ?

-ჩემი კონკრეტული და უმთავრესი საქმე საქართველოს პარლამენტში  ახალი კანონმდებლობის შექმნა იქნება. 8 წლის მანძილზე ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ ისეთი ცვლილებები შეიტანა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ არსებული კანონმდებლობით არათუ სამართალწარმოება არამედ, უსამართლობა ხორციელდება  და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სასამართლო ხელისუფლება მმართველ პოლიტიკურ ძალაზე სრულად დამოკიდებული გახდა.

მრავალჯერ იქნა გატარებული სასამართლოს რეფორმა, როგორც ბიუჯეტის ასევე უცხოეთიდან გამოყოფილი თანხები დაიხარჯა ამ რეფორმის განვითარებაზე, მაგრამ შედეგად  აბსოლუტურად გამრუდებული კანონმდებლობა და გამრუდებული სამართალწარმოების პრაქტიკა გვაქვს.  იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა ამ ცვლილებას მისცემს ხმას და პარლამენტში ყოფნის მანდატს  ოპოზიციურ ძალას მიანიჭებენ. ეს ძალა შექმნის ახალ კანონმდებლობას,  რითაც ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება იქნება  შესაძლებელი.

-რამდენად გაქვთ  გამარჯვების შანში, როგორ აფასებთ თქვენს ძალებს?

ვფიქრობ, გამარჯვების  შანსი მაქვს.  იმედი მაქვს ვაკის საზოგადოების,  რომელიც კარგად ხედავს,  თუ რა დღემდე მიიყვანა ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ ქვეყანა. ვაკეში მცხოვრებნი თავად აფასებს  ამ გარემოებას და ის მთავარ არჩევანს  ოპოზიციურ ძალაზე გააკეთებს. ამ შემთხვევაში კი,  ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი  მე ვიქნები. აღვნიშნავ, რომ ამ დიდი ნდობისთვის ჩემს თანამებრძოლებსა და მეგობრებს მადლობას ვუხდი.

-„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად არაჯანსაღ საარჩევნო გარემოზე საუბრობთ. ეს არაჯანსაღი გარემო თქვენი დამარცხების განმსაზღვრელი ხომ არ გახდება?

-არის არაჯანსაღი და არასამართლიანი გარემო, რაც მმართველ პოლიტიკურ ძალას  უპირატეს მდგომარეობაში  აყენებს,  მაგრამ იმისთვის, რომ  საპარლამენტო არჩევნებში  გაიმარჯვონ  ეს რესურსი საკმარისი არ იქნება.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთელი ამ მმართველობის პერიოდში  ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს  და შესაბამისად,  საზოგადოებაში ცვლილების  განცდა და მოთხოვნილებაა. დარწმუნებული ვარ, ისინი ხელისუფლებას ნდობის მანდატს აღარ მისცემენ  და გაყალბებები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და  ხრიკები, რისი იმედიც ხელისუფლებას აქვს, მათ შედეგს  ვერ მოუტანს.

-არ ფიქრობთ, რომ გაგიჭირდებათ ბრძოლა ვაკეში ხელისუფლების მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატთან, ან რამდენად რთული შეიძლება იყოს ეს ბრძოლა?

-რთული და ძნელი ალბათ იქნება. იოლი არცერთი ბრძოლა არაა. რესურსები  რომ შევაფასოთ, ხელისუფლების რესურსი არასამართლიანი საარჩევნო გარემოა, მათ სასარგებლოდ,  მაგრამ ჩვენ  ის რესურსი გვაქვს, რომ   მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის მანძილზე საზოგადოების ნდობა დაკარგა. ჩვენ საზოგადოებას სხვადასხვა მიმართულებით სწორ პროგრამას ვთავაზობთ, რაც დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოების მიერ,  საღად იქნება შეფასებული.