„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ახალი მემარჯვენეების“ პარტიული სიის პირველი ნომერი წარადგინა. მისი თქმით შემოდგომაზე დანიშნული აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები „ახალი მემარჯვენეებისთვის“ ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩევნები.
„ჩვენ გასული წლის შემოდგომიდანვე დავიწყეთ აჭარის რეგიონული და რაიონული სტრუქტურების გაძლიერება და დღეს პრაქტიკულად სრული მზადყოფნა გვაქვს გამოცხადებული როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისათვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დღესვე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პარტიული სიის პირველი ნომერი წარადგინა.
„პარტიულ სიას სათავეში პაატა მგელაძე ჩაუდგება. ეს ადამიანი კარგად არის ცნობილი აჭარის რეგიონში როგორც გამოკვეთილი ლიდერი. იგი „ახალი მემარჯვენეების“ აჭარის რეგიონულ ორგანიზაციას უდგას სათავეში. პაატა მგელაძე უკვე ორი ათეული წელია პოლიტიკაშია, 1989 წლის მოვლენებიდან დაწყებული იყო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში, 2003 წლიდან „ახალი მემარჯვენეების“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერია და პრაქტიკულად ყოველთვის იყო რეგიონში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დღესვე დავით გამყრელიძემ დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბათუმში – ჯუმბერ მიქელაძე, ქობულეთში - ხათუნა კახაძე, ხულოში – დავით თავართქილაძე, შუახევში- იოსებ დავითიძე, ქედაში - გელა გორგილაძე, ხელვაჩაურში - თემურ ქიძინიძე.
„ჩვენი კანდიდატები საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანები არიან, რომლებიც „ახალი მემარჯვენეების“ რაიონულ ორგანიზაციებს უდგანან სათავეში. ერთადერთ კანდიდატი ქედაში - გელა გორგილაძე, აჭარაში ცნობილი ექიმი, არ არის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მაგრამ ჩვენი გუნდის წევრია და რაიონის მოსახლეობაში დიდი პატივისცემით სარგებლობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.