12 ივლისს კარალეთში მომხდარი ინციდენტის დროს, დაკავებული „ქართული ოცნების“ წევრები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ორმა მათგანმა ცოტნე შენგელიამ და კახაბერ გოგიშვილმა შიმშილობა გამოაცხადეს. ამის შესახებ, დღევანდელ ბრიფინგზე დაკავებულების ადვოკატმა თედო კობახიძემ განაცხადა და გოგიშვილის წამების ფაქტებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, გოგიშვილს დაკავებიდან 3 დღე მხოლოდ სასმელ წყალს ასმევდნენ, მისთვის საჭმელიც კი არ მიუწოდებიათ, ლანძღავდნენ და აიძულებდნენ, ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნებისა“ ცუდად მოეხსენებინა.
„არ აძლევდნენ დაძინების საშუალებას, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, გოგიშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. რაც შეეხება ცოტნე შენგელიას, დაკავების დღეს, როცა ის ქუთაისის საპატიმროში გადაიყვანეს, მას ადგილზე კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები დახვდნენ და კალაძესთან ურთიერთობის გაწყვეტა უბრძანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის ლიკვიდაციით დაემუქრნენ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მესამე პატიმრის ვლადიმერ ჯანეზაშვილის მიმართ წამების ფაქტები არ დაფიქსირებულა და ის შიმშილობის დაწყებასაც არ აპირებს.
კობახიძის ინფორმაციით, მათ პატიმრების გათავისუფლების და სამართლის აღდგენის მოთხოვნით უკვე მიმართეს სახალხო დამცველს, მთავარ პროკურატურას, უწყებათაშორის კომისიას და აპირებენ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს აუცილებლად მიმართონ.
შეგახსენებთ, კარალეთში „ქართული ოცნების“ წერვებს, ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 11 ივლისს მოხდა, რომლის დროსაც 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები.
პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ხუთი პირი დააკავა, რომელთაგან 4 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივეს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.