„ცდომა საზოგადოების რეალურ განწყობილებასა და NDI -ის თუ სხვა სოციოლოგიურ კვლევების შედეგად წარმოჩენილ სურათს შორის ჩემი აზრით ძალიან დიდია“, - ამის შესახებ უშიშროების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა For.ge-ის პრესკლუბში დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ბოლოს პერიოდში სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების შედეგების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილი განმარტავს, ის, როგორც მოქალაქე პატივს სცემს ამერიკულ კვლევის ორგანიზაციებს და აღნიშნავს, რომ ეჭვი არ შეაქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ მათ გულწრფელ მხარდაჭერაში, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ მიმართ მაინც ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა გაუჩნდა.
„მე მაქვს ბევრი შეკითხვა როგორ და ვინ ატარებს ამ კვლევას და მე ობიექტურად ვფიქრობ, რომ იმ ვითარებაში, რომელიც ხელისუფლებამ 9 წლიანი მმართველობის შედეგად შექმნა არსებული სარკე არაადექვატურია. სოციალური სარკე გამრუდებულია და ის ადექვატურად ვერ გამოხატავს საზოგადოების რეალურ განწყობილებას“, - აღნიშნა ნაცვლიშვილი.
მისივე განაცხადებით, სოციოლოგიური კვლევები, მერე მათ მიმართ მოლოდინები, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათი ინტერპრეტაცია და მთელი ეს ემოციური ვნებათაღელვები ჩვენს ქვეყანაში ერთ ერთ საყვარელ სპორტის სახეობად გადაიქცა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებს, რომელთაც პირდაპირ აქვთ გაცხადებული პოლიტიკური ინტერესი ცდილობენ ამ შედეგების სათავისოდ გამოყენებას და აღნიშნა, რომ ზოგადად სოციალური კვლევების შედეგების ასეთი სახით დრამატიზირება არ შეიძლება.
„თუნდაც ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ დაკვეთილი კვლევებისა, როგორციაა NDI და IRI. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში კვლევის პროცესი დაკავშირებული სოციოლოგიასთან საზოგადოების აზრის კვლევიდან ნელნელა საზოგადოებრივ აზრზე ხშირად უხეში ჩარევის იარაღად გადაიქცა“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, როგორი ტენდენციურიც არ უნდა იყოს ესა თუ ის ორგანიზაცია, საზოგადოების გარკვეულ ტენდენციებს მაინც აჩვენებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ 24 %-იანი კლება აჩვენა. ქართულმა ოცნებამ კი 80% იანი მატება. ეს ინტერპრეტაციას აღარ ექვემდებარება. ეს რეალობაა. მე პრეტენზია მაქვს „ქართული ოცნების“ 18 %- თან, რომელსაც ის იმ შემთხვევაში მიიღებს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. ჩემი აზრით ეს მაჩვენებელი ორმაგი იქნება. სამაგიეროდ არ მჯერა ამავე კითხვის ნაციონალური მოძრაობის 36%-იანი შედეგის“, - დასძინა ნაცვლიშვილმა.