„კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ფრანგ კონსულტანტებს უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ“, - ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი უკვე ორი წელია სარგებლობს ფრანგული უსაფრთხოების კომპანიის მომსახურებით, რომელთა კონსულტანტებიც თბილისში ხშირად ჩამოდიან. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ გუშინ აღნიშნული კომპანიის ორი წარმომადგენლიდან ერთ-ერთი, კომპანიის ტექნიკური დირექტორი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.
ფანჯიკიძის განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მისი ცნობით, და ორი კვირის წინ საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს კომპანიის ტექნიკურ დირექტორსაც, იგი უკან გააბრუნეს და ურჩიეს, განმარტებებისთვის საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთვის მიემართა.
„საქართველოს საზღვრიდან უკან დაბრუნებული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უახლოეს დღეებში საფრანგეთის საელჩოს საქართველოში დასახმარებლად აუცილებლად მიმართვაენ. მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევები ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. ამიტომ ჩვენ მივმართავთ შსს-სა და საგარეო უწყებებს და განმარტებებს მოვითხოვთ, თუ რის საფუძველზე ხდება ევროკავშირის მოქალაქეების უცერემონიოდ დეპორტირება საქართველოდან“- განაცხადა ფანჯიკიძემ.