"ქართული ოცნება" მზადაა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს

კოალიცია „ქართული ოცნება“ სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების მიმართ გულისტკივილს და თანაგრძნობას გამოთქვამს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა ყველაფერს გააკეთოს იმისათვის, რომ ზარალით გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრას, მაგრამ აღნიშნა, რომ ამის საშუალებას არსებული კანონმდებლობა არ აძლევს.

„სამწუხაროა, რომ არსებული კანონმდებლობა ბიძინა ივანიშვილს არ აძლევს ქველმოქმედების საშუალებას და არც კოალიციას აქვს იმის საშუალება, რომ რაიმე სახის დახმარება, გარდა ფიზიკური დახმარებისა აღმოუჩინოს დაზარალებულ მოსახლეობას. ჩვენ ვიცით, რომ შექმნილია საგანგებო სალიკვიდაციო შტაბი. ჩვენ მზად ვართ ამ შტაბის მუშაობაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ასევე, მზად ვართ, თუ ხელისუფლება გამოიჩენს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს და გვაჩვენებს ლეგალურ გზებს, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა ადამიანების დახმარებაში, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.