ლაშა  ნაცვლიშვილი:  ქართულ ოცნებასთან  მაკავშირებს ქართული სისხლი, 3 ათას წლოვანი ერის ისტორია და თანამოქალქეების ოპტიმიზმი

ლაშა ნაცვლიშვილი: ქართულ ოცნებასთან მაკავშირებს ქართული სისხლი, 3 ათას წლოვანი ერის ისტორია და თანამოქალქეების ოპტიმიზმი

უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, მისი პოლიტიკური სიმპატიები კოალიცია „ქართული ოცნებისკენ“ იხრება, რომელიც უახლოეს მომავალში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ფორმირებული. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა For.ge-ის პრესკლუბში დღეს გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ის საარჩევნო ხმა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები გამოვიყენებ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები. ნაციონალური მოძრაობა ჩამოშორდეს საქართველოს ხელისუფლებას და მის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოვიდეს. ეს მყარად მაქვს გადაწყვეტილი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა ლეგიტიმური საშუალებებით შეეცდება ამაში თანამოქალაქეებიც დაარწმუნოს. 

რაც შეეხება კითხავს რა აკავშირებს ამჟამად მას „ქართულ ოცნებასთან“,მისი განმარტებით, „ქართულ ოცნებასთან“ ის ფუნდამენტურად არის დაკავშირებული. ნაცვლიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებასთან  ბრჭყალების გარეშე“ მას აკავშირებს ქართული სისხლი, 3 ათას წლოვანი ერის ისტორია და თანამოქალქეების ოპტიმიზმი უკეთესი ცხოვრებისკენ.

მისი თქმით ამ საკითხის მოგვარების ვალდებულება ბიძინა ივანიშვილმა აიღო, ამიტომ მიიჩნევს, რომ მის გვერდით უნდა იყოს, თუმცა აღნიშნავს, რომ კოალიციისგან შემოთავაზება ჯერ არ მიუღია.

„მე არ მიმიღია შემოთავაზება კოალიციისგან იმის თაობაზე, რომ გავწევრიანებულიყავი მის რომელიმე პარტიასთან. თუ კი ეს იქნება ამ საკითხზე ამის შემდეგ ვისაუბრებ. სხვა შემთხვევაში ჩემი განცხადებები იქნება ცოტა ამბიციური და არაეთიკური. იქნება შემოთავაზება? იქნება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ ამჯერად არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი არ გააჩნია.

დღესვე ლაშა ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მისი არ გაწევრიანება არანაირად არ უკავშირდება „რესპუბლიკურ პარტიას“ და აღნიშნა, რომ მათ ყველა წარმომადგენელთან დღემდე იდეალური ურთიერთობა აქვს.

„ჩემი კოალიციაში შესვლა არშესვლის საკითხი არასოდეს არ დამდგარა და რომ დამდგარიყო დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივის ყველაზე გულუხვი მხარდამჭერი რესპუბლიკური პარტია იქნებოდა. ამ პარტიის დატოვება არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდებოდა. მე ვთვლი, რომ იმ პერიოდისთვის ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები პოლიტიკური მიმართულებით და პარტიიდან ამიტომ წამოვედი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.