დემურ გიორხელიძე: „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის განვითარების სოციალური პროგრამა უკვე მაისის თვისთვის მომზადებული ჰქონდა

დემურ გიორხელიძე: „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის განვითარების სოციალური პროგრამა უკვე მაისის თვისთვის მომზადებული ჰქონდა

"ქართული ოცნებისა" და „ნაციონალების“ წინასაარჩევნო პროგრამა ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს-პრიორიტეტები, გასატარებელი ღონისძიებები, თანმიმდევრობაც კი იდენტურია.  ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ  პროგრამა, რომელზეც ასობით საუკეთესო სპეციალისტი მუშაობდა შვიდი თვის განმავლობაში, მაისისთვის „ქართულ ოცნებას“ უკვე მომზადებული ჰქონდა, ხელისუფლებამ კი, წამგებიან როლში რომ არ აღმოჩენილიყო, პროგრამა გადაიღო.  ხელისუფლებას არც უხსნებია მცირე და საშუალო ბიზნესი, თავისუფალ მეწარეობა, ისინი პრობლემების მოგვარებას სახელმწიფოს ხარჯზე ცდილობენ, „ქართულ ოცნებას“ კი სოფლის მეურნეობის კონცეფციის გარდა, გააჩნია მაკროეკონომიკური და დარგობრივი პოლიტიკა, ენერგეტიკა იქნება ეს თუ ტრანსპორტი, ყველა მიმართულებით ძალიან ფუნდამენტური კონცეფციებია შემუშავებული.

„ ქვეყნის განვითარების სოციალური პროგრამა „ქართულ ოცნებაში“ დეკემბრის თვიდან მუშავდებოდა, ამ საქმეში ასობის საუკეთესო სპეციალისტი იყო ჩართული და მაისის თვისთვის უკვე მომზადებული გახლდათ. შვიდთვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ ჩვენ ეს პროგრამა გავახმოვანეთ. დავთვალეთ ქვეყნის რესურსების და ადამიანური რესურსების მონაცემები, რომელიც ძალიან კარგადაა დათვლილი, აგრეთვე როგორ შეიძლება მათი ეფექტურად გამოყენება, ანუ ყველა ის მინიმალური მონაცემები, რაც აუცილებელია, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს. რაკი პოლიტიკური ოპონენეტი ასეთი რაციონალური წინადადებებით გამოვიდა, ხელისუფლებამ ალბათ ჩათვლა, რომ სხვა პროგრამა წამგებიანი იქნებოდა, ამიტომ იდენტური ღონისძიებები განახორციელეს. რეალურად მეტის გაკეთება ამ ეტაპზე, რაც ჩვენ პროგრამაში გვაქვს ასახული, შეუძლებელია,დაასახელეს ის მონაცემები, რაც დღეს ქვეყნისთვის ფაქტიურად, უალტერნატივოა“,-აცხადებს გიორხელიძე.

რა უპირატესობა გააჩნია გააჩნია „ქართული ოცნების“ სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების პროგრამას და რატომ უნდა მიანიჭოს მას უპირატესობა ამომრჩეველმა, ექსპერტს მიაჩნია, რომ მსგავსი სკრუპულოზური  პროგრამა ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მსოფლიო ბანკსაც კი არ შეუმუშავებია. 

„სოფლის განვითარების კონცეფცია, რომელიც ჯგუფთან ერთად ჩემი ხელმძღვანელობით შემუშავდა, სოფლის მეურნეობის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად, თვეების განმავლობაში  ეტაპობრივად მუშავდებოდა. მსგავსი პროგრამა შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში არავის გაუკეთებია, არც მსოფლიო ბანკს, რომელმაც უკვე მეოთხე დაზუსტებული წიგნი გამოუშვა, მაგრამ გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კონცეფცია უფრო მასშტაბური და აბსოლუტური და სრულფასოვანია, ვიდრე მსოფლიო ბანკის შემუშავებული პროგრამა, რომელიც სკულპუროზული მუშაობის შედეგია.

ის ერთი მილიარდი, რომელზეც საუბარია სოფლის მეურნეობაში ჩადებაზე, მაქსიმალურია ჩვენი დათვლით, მსგავს სიტუაციაში, როგორც კი სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურა სრიგდებაა, ბაზარი წელში გაიმართება, თანხები ძალიან მოიმატებს. ხელისუფლების მიერ პროგრამაში აღნიშნული ოთხი მილიარდი, რომელიც ოთხ წელიწადში უნდა ჩაიდოს, გაუგებარია, რადგან სოფლისთვის სწორედ პირველი-ორი წელია მნიშვნელოვანი. იმ პრობლემებს, რასაც დღეს ქართული სოფელი განიცდის, მარტო საუკეთესო ტექნიკის შემოტანა არ შველის, ამას კარგად გათვლილი ღონისძიებები სჭირდება, რომელიც ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს“,-აღნიშნავს ექსპერტი.

როგორც სახელისუფლო, ისე „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში, ძირითადი პედალირება მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე კეთდება, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მრეწველობის განვითარება, ქარხნების და ფაბრიკების აშენება, შესაბამისად მუშახელის დასაქმებაც, გიორხელიძე აღნიშნავს, მართალია, სოფლის მეურნეობის კონცეფციის გარდა, გვაქვს მაკროეკონომიკური და დარგობრივი პოლიტიკაც, მაგრამ  ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება, ამიტომ უპირატესობა ქართულ სოფელს მიენიჭა, რადგან რესურსი აქ უფრო მეტია.

„ჩვენ სოფლის მეურნეობის კონცეფციის გარდა, გვაქვს მაკროეკონომიკური და დარგობრივი პოლიტიკა, ენერგეტიკა იქნება ეს თუ ტრანსპორტი, ყველა მიმართულებით ძალიან ფუნდამენტური კონცეფციებია შემუშავებული. ქვეყნის განვითარებისთვის სწრაფი სტიმული სწორედ სოფლის მეურნეობას გააჩნია. ყველაფერი ერთად ვერ გაკეთდება, სოფლის მეურნეობაში კარგი რესურსებია და ამიტომ მივანიჭეთ უპირატესობა ამ დარგს, ვფიქრობთ, რომ 100-150 000 კაცი დასაქმდება ამ დარგში, პარალელურად გვაქვს ძალიან კარგი კონცეფცია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, რომელიც დასაქმების ღერძია. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრებით არის შესაძლებელი დასაქმების პრობლემის გადაჭრა. ხელისუფლება საუბრობს დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე, იგი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტადაც დაასახელა, თუმცა ერთი სიტყვაც არ დასცდენია მცირე და საშუალო ბიზნესზე, თავისუფალ მეწარეობაზე, ისინი ამ ყველაფრის მოგვარებას სახელმწიფოს ხარჯზე ცდილობენ, შექმნეს სპეციალური ფონდიც და მამა-მარჩენალი ისევ სახელმწიფო იქნება. ქვეყანა, რომელიც ბოლო ოცი წელიწადია არ განვითარებულა, სადაც  ხალხი თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ეროზირებულია, არავის უნახავს. ჩვენი პრიორიტეტები იმდენად აშკარაა, რომ ხელისუფლება თავის წინასაარჩევნო პროგრამაში სხვა პრიორიტეტებს ვერ მოიგონებდა და ის გაიმეორა“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.