ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ მომავალ პარლამენტში მხოლოდ ორი სუბიექტი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. ცაგარეიშვილის აზრით, ქრისტიან-დემოკრატები საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ.
რატომ ადარებს ოპოზიციონერი დეპუტატი ქრისტიან-დემოკრატებს ზორბა, მსუქან ქურდს და დაეცა თუ არა ნაციონალების რეიტინგი?
From.ge გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:
-უმრავლესობის წევრმა შოთა მალაშხიამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნების“
რეიტინგი „თიბისი“ ბანკის 11%–დან „რიკო კრედიტის“ 18% ფარგლებში მერყეობს და ივანიშვილის გუნდი 18%–ს აიღებს. რას იტყვით ამ შეფასებაზე?
შოთა მალაშხიას ვურჩევ ასე ენამოსწრებულად აფხაზ ოკუპანტებს ელაპარაკოს სოხუმში. თუ მას ამის შნო და ლაზათი აქვს, ენგურთან დადგეს და რუს ოკუპანტებს ესაუბროს.
-რეალურად რამდენ პროცენტს აიღებთ არჩევნებში?
-არჩვენებში აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ.
-კონკრეტულად რამდენ პროცენტს ვარაუდობთ?
ახლა გულთმისნობას არ დავიწყებ და მალაშხიას და სხვებს არ დავემსგავსები. ვინ რა პროცენტს აიღებს ამას გადაწყვეტს ჩვენი ხალხი.
-უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა უფრო მეტი რაოდენობით მოვა, ვიდრე „ქართული ოცნება“. ამაზე რას იტყვით?
-ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობით ვაპირებთ პარლამენტში მოსვლას, რომ ნაციონალებს ხელიდან გამოვგლიჯოთ ქვეყანა. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად კვლევებს აქვეყნებდნენ, ისინიც კი ვერ მალავენ, რომ ჩვენი პროცენტი მზარდია. როდესაც გამოკითხულ რესპოდენტთა რიგებში 80%–ით იკლებს შენი პოპულარობა, ეს კატასტროფული მაჩვენებელია.
-ამდენი პროცენტით დაეცა ნაციონალების რეიტინგი?
-კი, 2 თვეში ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი 80%–ით დაეცა.
ახლა რამდენი აქვთ?
-ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ქვეყანაში 20–25%–ის ფარგლებში შეიძლება მერყეობდეს. მათი რეიტინგი დღითი–დღე ეცემა იმ გაუთვლელი პოლიტიკის გამო რომელიც „ქართული ოცნების“ აქტივისტებს თავს დაატეხეს, მათ შორის, სატელიტური თეფშების დაყადაღებით, ქვების სროლით და ათასი უბედურებით. ნაციონალები ზნეს ვერ შეიცვლიან, ეს გამორიცხულია. ხშირად კუ და მორიელის იგავი მახსენდება, მორიელი ვერასდროს ზნეს ვერ შეიცვლის, ყოველთვის გესლს ანთხევს. ასე სჭირთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ჩვენ ამოცანა არ არის მალაშხია–მორიელისგან შევქმნათ კრავი. ჩვენი ამოცანაა მალაშხია-მორიელი მოვიშოროთ პოლიტიკური ასპარეზიდან. თორემ მგელი კრავად რომ ვერ გადაიქცევა ეს ხომ ნათელია.
-ნაციონალური მოძრაობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებენ.
-ისინი იმაშიც იყვნენ დარწმუნებული, რომ „საქართველო სიღარიბის გარეშე“ იქნებოდა. იმაშიც იყვნენ დარწმუნებული,რომ „ერთინაი საქართველო სიღარიბის გარეშე იქნებოდა“, „გზა გამარჯვებისკენ მიხეილ სააკაშვილმა აჩვენა“. ასევე დარწმუნებული იყვნენ „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“. ახლა „საქართველოსთან ხელშეკრულება“ გაახსენდათ. მე მგონი, ეს ხელშეკრულება, თავის დროზე, კობა დავითაშვილის საავტორო უფლება იყო თბილისთან დადებული, როდესაც თბილისის საკრებულოში გაიმარჯვა.
-ანუ ეს იდეა კობა დავითაშვილს ეკუთვნოდა?
-რა თქმა უნდა და სააკაშვილმა მოიპარა. რომელი ხელშეკრულება იდება ხალხთან? ხელშეკრულება ხალხთან მაშინ იდება როდესაც ცესკო შენს უფლებამოსილებას ამტკიცებს და საბოლოო შეთანხმებული ოქმი დგება. დანარჩენი ყველაფერი ეს პოპულიზმია: „ხელშეკრულება ხალხთან“, „წელში გამართული გლეხი“, „მეტი სარგებელი ხალხს“ და ათასი სისულელე, რომელსაც ისინი აფრქვევენ. ჯობდა 10 წლის განმავლობაში მიეხედათ საზოგადოებისთვის, სოფლისთვის თუ ქალაქისთვის. ხელისუფლება, ფაქტიურად თვალსა და ხელში შემოგვადნა, შემოგვეძარცვა და დაგვრჩა მხოლოდ ამ ადამიანების დაუოკებელი ამბიციები რომ სამიდღემჩიოდ მართონ ეს ქვეყანა. რომელ ხელშეკრებულებებზე და კონტრაქტებზე საუბრობენ?
-უკვე კეთდება პროგნოზი, რომ საარჩევნო ბარიერს 3 პარტია გადალახავს: ნაციონალური მოძრაობა, „ქართული ოცნება“ და ქრისტიან-დემოკრატები. ამ პროგნოზსს იზიარეთ თუ არა?
-ნაციონალები განსაკუთრებულად ზრუნავენ თავიანთ სატელიტებზე.
-ვისზე?
-ქრისტიან–დემოკრატებზე, რომ მათ როგორმე ბარიერი გადაალახვინონ.
-ვერ გადალახავენ ბარიერს?
-იცით ქრისტიან–დემოკრატები ვის გვანან? ქურდს კაცი რომ მოსდევს და ის ქურდი ტანად ზორბა, მსუქანი რომ არის, ღობეზე გადაძრომა რომ უნდა და ვერ ძვრება. საწყლად რომ არის ღობეზე ჩამოკიდებული, რადგან ვერც იქით ძვრება და ვერც აქეთ. ასეა ქრისტიან–დემოკრატების ამბავი. აქედან მიშა ხელს კრავს, არიქა, ბიჭებო, გადაევლეთ ღობესო. მსუქანი, ჩაფსკვნილი ქურდის როლში არიან, ღობეს რომ ვერ ევლებიან.
-თქვენი კოლეგები არ არიან, ასე რატომ საუბრობთ მათზე?
-კოლეგიალობა მათთან კარგა ხანია უკვე აღარ მაკავშირებს. ჩემი კოლეგა არის ჩემი ხალხი, ამომრჩეველი. ქვეყანას უნდა ემსახურო და არა შენს ჯიბეს.
-ესე იგი, მომავალი პარლამენტი სამ სუბიექტიანი არ იქნება?
-მომავალი პარლამენტი ორ სუბიექტიანი იქნება. ვერც ერთი სხვა პოლიტიკური პარტია, როგორც არ უნდა დაეხმაროს ხელისუფლება ბარიერს ვერ გადალახავს. „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა იქნება მხოლოდ მომავალ პარლამენტში. ზოგიერთის ქართული ოცნება არის პარლამენტში როგორმე შეასწროს, ჩემი ქართული ოცნება არის საქართველოს გამაჯვება. საერთოდ, არ მესმის პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივში რა უპირატესობაა? რატომ არის ზოგიერთის დაუოკებელი სურვილი იტივტივოს და თუნდაც 7-8 ადამიანით პარლამენტში შეასწროს, რომ ფრაქცია შექმნას?