წუხანდელმა უამინდობამ აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს სერიოზული ზიანი მიაყენა, პრობლემები შექმნა კახეთში, მცხეთა-თიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
სტიქიამ კახეთში, გურჯაანის, თელავისა და ლაგოდეხის რაიონები დააზარალა. ძლიერ წვიმა, სეტყვა და ქარი შინაური ცხოველებისა და ფრინველების დახოცვის მიზეზი გახდა. განადგურდა სასაოფლო-სამეურნეო ნათესები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თელავში, სადაც რამდენიმე სახლის კედელი ჩამოინგრა.
„თელავში ღამის 4 საათსა და 10 წუთზე ამოვარდნილმა გრიგალმა, დაანგრია ათეულობით სახლი, 80 პროცენტს სახურავები გადახადა. დაგლეჯილია უზარმაზარი ხეები, ელექტრო და კავშირგაბმულობის ბოძები, ქალაქში არაა დენი. პურის საცხობები არ მუშაობს, გზები ჩახერგილია, მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია, მათი დიდი ნაწილი ქუჩაშია გამოსული. სახლებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ“-აცხადებს კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი From.ge-სთან საუბარში. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.
მსგავსი შედეგები მოჰყვა სტიქიას სამცხე-ჯავახეთშიც. ადიგენსა და ასპინძაში ქარმა, რამდენიმე სახლი სახურავის გარეშე დატოვა. 15 წუთიანმა სეტყვამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნათესები და ხეხილი.
ძლიერმა წვიმამ კობი-გუდაურის გზაზე ღორღის ჩამოშლა და გზის ჩაკეტვა გამოიწვია. ამჟამად გზები გაწმენდილია და მოძრაობა ყველა მიმართულებით გახსნილია.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, გაწმენდითი სამუშაოები რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება.
უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნულ რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.