თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება და მას კვლავ ასოციაცია „ატუ“ ახორციელებს. ამის შესახებ განცხადება „ატუს“ გენერალურმა დირექტორმა კარლო ლეკვეიშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, სარემონტო სამუშაოები მცირე ხნით შეჩერდა, რისი მიზეზიც შპს „ელიტა ბურჯისა“ და „ბურჯის“ დაყადაღება გახდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები კვლავ გეგმის მიხედვით ხორციელდება.
ამასთან „ატუს“ ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნოკოლოზ რურუას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გარემონტებული ყველა ობიექტი თავიდან სარემონტოა.
„ვერ დავეთანხმები ბატონ ნიკას. ჩვენ ესეთი ინფორმაცია არ გაგვიჟღერებია, სამუშაოები არ შეგვიწყვეტია. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს უფლება მოითხოვოს სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება, თუმცა, ამის შესახებ ჩვენთვის არავის მოუმართავს“, - განაცხადა ლეკვეიშვილმა.
მისი თქმით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეკონსტრუქცია ასოციაცია „ატუს“ 55 მლნ ლარი უჯდება და აღნიშნა, რომ პირველი ივნისის მონაცემებით 10 134 177 ლარია დახარჯული.
ლეკვეიშვილის განმატრებით, „ატუ“ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს თხოვნის სააფუძველზე სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სახის ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას ახორციელებს.
აღნიშნული პროექტები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ გამოყოფილი გრანტებით ფინანსდება.
შეგახსენებთ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადებით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეკონსტრუქცია, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ახორციელებდა, შეწყდება და შესაბამისად, რეაბილიტაციას სახელმწიფო დაასრულებს.
„მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ბალეტი და ოპერა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიღმა იდგა, მაგრამ თუ ეს ასე არაა, ოპერისა და ბალეტის თეატრს საქართველოს მთავრობა გააკეთებს ისევე, როგორც ბათუმისა და ქუთაისის ოპერები გააკეთა“, - განაცხადა რურუამ.