დღეს გორში "ქართული ოცნება" აქციას გამართება. აქცია კომბინატის ტერიტორიაზე, კულტურის სახლთან 19:00 საათზე დაიწყება.
. "ქართულ ოცნებას" აქციის გამართვა გორის ცენტრალურ მოედანზე სურდა, მაგრამ გორის გამგეობისგან უარი იმ მოტივით მიიღო , რომ ცენტრალური სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვა ქალაქის პარალიზებას გამოიწვევდა. გამგეობამ კოალიციას ალტერნატიულ ადგილად ქალაქგარეთ "ქართლის" სტადიონის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა,მაგრამ ეს ადგილი კოალიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
კოალიციამ ქალაქის ხელმძღვანელობას მეორე განცხადებით მიმართა და აქციის გამართვა კომბინატის ტერიტორიაზე, კულტურის სახლთან მოითხოვა. გორის გამგეობამ "ქართული ოცნების" ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. გორის ადმინისტრაციის აზრით, კომბინატის დასახლება ნაკლებად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია და მისი გადაკეტვა ქალაქისთვის დიდ პრობლემებს არ შექმნის.
აქციაზე კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოსვლის შემდეგ შიდა ქართლის მაჟორიტარ კანდიდატებსაც დაასახელებს.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია 27 მაისს თბილისში ჩატარებული აქციით დაიწყო. მომდევნო აქცია 10 ივლისის ქუთაისში გაიმართა, 17 ივნისს – ოზურგეთში და ბოლოს 1 ივლისს მცხეთა-მთიანეთში მორიგი აქცია ჩატარდა.