ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ ქცევის წესების ერთიანი დოკუმენტის შექმნის ინიცატივით გამოდის. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი განმარტავს,
დოკუმენტის მიზანი ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის შესაბამისი შესაბამისი ნორმების დაცვაა. რომელიც შეეხება უარის თქმას ძალადობაზე, მოსყიდვაზე.
„დოკუმენტის მიზანი იქნება განსაზღვროს საარჩევნო კამპანიის ძირითადი საკითხები, რომელიც შეეხება ძალადობის გამოყენებაზე უარის თქმას, ასევე მოსყიდვაზე უარის თქმას, კანონთა შესაბამისი ნორმების დაცვას ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის. ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება , რომელსაც უნდა შეუერთდეს ყველა ის პოლიტიკური გაერთიანება, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა“,-განაცხადა კუბლაშვილმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
სხდომა მთავრობის კანცელარიაში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კუბლაშვილის განცხადებით, დოკუმენტი უმოკლეს ვადებში მომზადდება. კუბლაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიები გამოეხმაურებიან და ხელს მოაწერენ აღნიშნულ დოკუმენტს.
ამასთან, კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყურადღებით აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს და ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი აქვს ძალადობას.
"ვგულისხმობ, რაც იყო კარალეთში, რაზეც ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო კახი კალაძის და მისი ზონდერ ჯგუფების მიერ მოწყობილი ინციდენტი", - განაცხადა კუბლაშვილმა.