ნაციონალების ფიქრები - ვიქნებით და ვიქნებით

ნაციონალების ფიქრები - ვიქნებით და ვიქნებით

 

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ახალი „ტაქტიკა“ შეიმუშავეს. ისინი თითქმის ყველა ჟურნალისტთან საუბრობენ, რომ ყველა გამოკითხვებით, ნაციონალები ლიდერობენ და პარლამენტში ისევ უმრავლესობით მოვლენ.

სააკაშვილის გუნდის წევრების მტკიცებით, ნაციონალებს საქმე კარგად აქვთ: ქვემო და შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში და კახეთში. რაც შეეხება, თბილისს, თავად ნაციონალებიც აღიარებენ, რომ დედაქალაქში საქმე მაინც და მაინც კარგად არა აქვთ, თუმცა, რამდენიმე რაიონში მაინც გაიმარჯვებენ.

ნაციონალები ირწმუნებიან, რომ  თბილისის 10 რაიონიდან უმრავლესობას მოიგებენ და ოპოზიციას მშრალზე დატოვებენ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გოკა გაბაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ყველა საარჩევნო ოლქში წარმატებას მიაღწევენ და „ქართული ოცნების“კანდიდატებს  დაამარცხებენ.

მმართველი გუნდის წევრები იმასაც ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი საარჩევნო კამპანიის დროს შეცდომებს უშვებს, ეს კი მათ წისქვილზე ასხამს წყალს.

თავად ნაციონალური მოძრაობის ცნობადი სახეები აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ჯერ არ არიან ჩართული. არც ერთ საარჩევნო შეხვედრაზე არ გამოჩენილა არც ნუგზარ წიკლაური, არც გოკა გაბაშვილი, არც ვახტანგ ბალავაძე და არც ხათუნა გოგორიშვილი. აქტიურ საარჩევნო შეხვედრებს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და დავით ბაქრაძე მართავს.

პრეზიდენტის შეხვედრებზე მოსიარულე ადამიანები ერთმანეთს უკვე იმდენად კარგად ცნობენ, რომ თუ ვინმეს რომელიმე რაიონში შეხვედრა „ჩაუვარდა“, ერთმანეთს ეკითხებიან, იმ რაიონში რატომ არ წამოხვედიო?

რაც შეეხება დავით ბაქრაძის შეხვედრებს, მის შეხვედრებს 20-30-მდე ადამიანი ძლივს ესწრება. ფოთში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბაქრაძესთან შეხვედრაზე ადგილობრივები არ გამოვიდნენ და დევნილები მიიყვანეს. როდესაც ქვეყნის მეორე პირმა მათ იქაური პრობლემების შესახებ ჰკითხა, დევნილები იძახდნენ, ჩვენ აქ არ ვცხოვრობთ და რა ვიცით ამათ რა აწუხებთო.

ნაციონალები შიდა კვლევებსაც ატარებენ და რომელ ლიდერს როგორი რეიტინგი აქვს, ამას თითქმის ყოველ კვირას ზომავენ. სწორედ ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას სად რომელ რაიონში საარჩევნო შეხვედრას ვინ უნდა დაესწროს და ვინ-არა.

მომავალ კვირას, NDI  პოლიტიკურ პარტიებს საკუთარ პარტიულ რეიტინგებს გააცნობს. ყველა პარტია ირწმუნება, რომ საკუთარი რეიტინგი არ იცის, თუმცა, ნაციონალებს საკუთარ პირველობაში  ეჭვი არ ეპარებათ.

NDI-ის კვლევებმა რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი ისე გააღიზიანა, რომ ამ ორგანიზაციას „ნაციონალური NDI“ უწოდა. სანამ „ენდიაის“ შეფი ლუის ნავარო პარტიული პროცენტების გამოყვანით არის დაკავებული, ნაციონალები საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებას არ აანონსებენ.

მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიის დაწყებას გამოაცხადებს, ამ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებს სახელმწიფო რესურსის გამოყენება აეკრძალებათ. არადა, ნაციონალებს რამდენიმე მინისტრის მოადგილე და გამგებელი ჰყავთ მაჟორიტარობის კანდიდატად შერჩეული. ახლა ისინი ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ  სიარულის დროს სამსახურეობრივ ავტომანქანებს იყენებენ, ბენზინსაც ბიუჯეტიდან ასხამენ და სხვა პრივილეგიებზეც არ ამბობენ უარს. მას შემდეგ კი რაც საარჩევნო კამპანიას გამოაცხადებენ,  ფორმალურად მაინც მოუწევთ ამაზე უარის თქმა. ამ პრივილეგიების დაკარგვა კი ნაციონალებს რატომღაც არ სურთ.