არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები ახალგაზრდულ ბანაკებს პოლიტიზებულს უწოდებენ და აღნიშნულ პროგრამაზე თანხების ხარჯვის მიზნობრიობის გამოძიებას მოითხოვენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ განცხადებას აქვეყნებს. განცახდების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება 2005 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ყოველწლიურად ახორციელებდა ახალგაზრდულ პროგრამას „პატრიოტი“, რომელშიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდები მონაწილეობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ამ პროგრამის მონაწილეთა შერჩევა და მისი განხორციელება მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური ნიშნითა და მიზნებით ხდება, რაც სახელმწიფო სახსრების მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს.
„საკითხის შესწავლისას ორი ძირითადი პრობლემა გამოვლინდა - პროგრამის მონაწილეთა შერჩევის ბუნდოვანი და არასამართლიანი კრიტერიუმები და პროცედურები, ასევე, პროგრამის პოლიტიკური შინაარსი და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციითვე, წინა წლის პროგრამებისგან განსხვავებით, „პატრიოტი 2012“-ში მონაწილეობას მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები იღებენ.
„ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რამდენიმე უმაღლეს სასწავლებლებში, მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თხოვნით და მათთან შეთანხმებით, უნივერსიტეტების თვითმმართველობების მიერ მონაწილეთა 90-კაციანი სიები დგება. ასევე, პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების ის სტუდენტებიც, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ანაკლიაში ყოფნის პერიოდში სტუდენტები დაბანაკებულნი იყვნენ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ოქროს საწმისში“, სადაც მათთვის ყველა სახის მომსახურება სრულიად უფასო იყო.
ასევე, სტუდენტებისთვის განკუთვნილი იყო სამჯერადი კვება, სადილსა და ვახშამზე 10 სახის საკვების დამატების უფლებით. ტარდებოდა კონცერტები პოპულარული მომღერლების მონაწილეობით. ერთ-ერთი მონაწილე აღფრთოვანებით იხსენებდა იქ გატარებულ პერიოდს და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას პირობას დებდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მთავარ პროკურატურას ახალგაზრდული ღონისძიებების მიმდინარეობის, მიზნებისა და დაფინანსების წყაროების გამოძიების თხოვნით მიმართავს.