პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ხვალ, გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე მოსახლეობის მასშტაბურ მხარდაჭერას ელოდება.
დოლიძის თქმით, ხვალ „ქართული ოცნება“ თავის მნიშვნელოვან სიტყვას უკვე შიდა ქართლში იტყვის.
გორში „ ქართული ოცნების“ აქციაზე იგივეს ველოდებით, რასაც წინა აქციების დროს ველოდებოდით და მივიღეთ. ეს იქნება კიდევ ერთი ფართომასშატბიანი აქცია და უკვე შიდა ქართლში თავის სიტყვას იტყვის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი კოალიცია. მიუხედავად ბევრი სიურპრიზებისა, რაც ამ ბოლო დროს განვითარდა, ჩვენ კურსს ნამდვილად არ ვცვლით. ხელისუფლებას ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე მივიყვანთ და განაჩენს იქ გამოვუტანთ“,- განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, გუშინ კოალიციამ გორში მოსამზადებელი ტექნიკურ-თემატური სამუშაო ჩაატარა და აღნიშნა, მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კიდევ მეტი ხალხი მივიდა.
„მოსახლეობა უფრო გაღიზიანებულია იმ ამბების შემდეგ, რომელიც ბასიშვილის დაჯგუფებამ გააკეთა. ისინი უფრო მეტი მოტივაციით გამოდიან ჩვენს ღონისძიებაზე ვიდრე, აქამდე იყვნენ. იქ ძალიან ვაჟკაცური ხალხი ცხოვრობს და ასე ადვილად არ უყურებენ ამ საქმეს. ჩვენ მათი გვერდში დგომის იმედი გვაქვს და დარწმუნებულნი ვართ მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა დოლიძემ.