გია მაისაშვილი  ბიძინა  ივანიშვილთან გამარჯვების მომავალ სტრატეგიაზე საუბრობს

გია მაისაშვილი ბიძინა ივანიშვილთან გამარჯვების მომავალ სტრატეგიაზე საუბრობს

"მომავლის პარტის" ლიდერი გია მაისაშვილი ახალ ეკონომიკურ და სახელმწიფო პროგრამას წერს, რომელიც თვენახევარში დასრულდება. მაისაშვილი არ მალავს, რომ მისი პოლიტიკური სიმპატიები „ქართული ოცნებისკენ“ იხრება.

გია მაისაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, თუმცა, მისგან საპარლამენტო სიაში ჩაწერის შეთავაზება არ მიუღია. 

from.ge გია მაისაშვილს ესაუბრა:

-  არჩევნების წინ თქვენ საქართველოში ისევ გამოჩნდით. თქვენი გამოჩენა რას უკავშირდება?

საქართველოში სულ არჩევნებია და ესე იგი, საქართველოში ვერ ჩამოვსულვარ.

- ამ ეტაპზე თქვენი გააქტიურება პოლიტიკურად რას უკავშირდება?

მე პოლიტიკაში არა ვარ, მე ჩემი ქვეყნის შვილი ვარ და ახალგაზრდებს ვამზადებ იმისათვის, რომ თანამედროვე ცხოვრებაში კონკურენტუნარიანები იყვნენ.

- თქვენ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ რამდენიმერ აქციაზე გამოჩნდით. რა ურთიერთობა გაქვთ „ქართულ ოცნებასთან“?

რამდენიმე აქციას მართლაც დავესწარი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე.

- თავად ბიძინა ივანიშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ძალიან კარგი.

- პირადად შეხვდით?

დიახ.

- რაიმე შემოთავაზება თუ იყო ივანიშვილის მხრიდან, მაგალითად საპარლამენტო სიაში ჩაწერის?

არა. ჩვენ ვსაუბრობთ გამარჯვების მომავალ სტრატეგიაზე. სიაში ჩაწერა და სიაში მოხვედრა ჩემი მიზანი არ არის. უფრო დიდ რაღაცაზეა საუბარი, ვიდრე სიაში მოხვედრა.

- კონკრეტულად რაზე?

იმ მექანიზმზე, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ სიტუაციაში ჯანსაღი ძალების გამარჯვება, შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება, რომ იმ კადრებმა  იმ მძიმე ამოცანის გადაწყვეტა შესძლონ, რაც ახალ მთავრობას მოუწევს.

- ბიძინა ივანიშვილის გუნდს თქვენ ახალ ეკონომიკურ პროგრამას უწერთ?

საუბარია ეკონომიკურ და სახელმწიფო პროგრამაზე, რომელსაც ვწერ და სულ მალე დასრულდება.

- ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ შეთავაზებული პროგრამა?

ეს იქნება ჩემს მიერ დაწერილი პროგრამა. ვისაც ეს პროგრამა დასჭირდება, ვისაც ამ ქვეყნისთვის გული უძგერს და ამ პროგრამის რეალურად განხორციელება სურს და არა მხოლოდ პიარისთვის გამოყენება, ნებისმიერ ადამიანს შევთავაზებ.

- პროგრამა მზად როდის იქნება?

დაახლოებით ერთ თვეში, თვენახევარში.

- პროგრამას რა ჰქვია?

ეკონომიკის გენერლები.  

- თქვენი პროგრამა ძირეულად განსხვავდება იმ მიმართულებებისგან რასაც დღვანდელი  ხელისუფლება ატარებს ეკონომიკაში?

დიახ. ძირეულად განსხვავებული იქნება.

- თქვენი პოლიტიკური სიმპატიები „ქართული ოცნებისკენ“ იხრება?

რასაკვირველია.

- ბევრი მეგობარი გყავთ „ქართულ ოცნებაში“?

კი, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი.

- პოლიტიკურ განცხადებას თუ გააკეთებთ, რომ „ქართული ოცნებას“ უჭერთ მხარს?

კი. მე მინდა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა ნებისმიერი ჩვენგანის, ქვეყნის სულისკვეთების გამომხატველი იყოს. ამაში ვგულშემატკივრობ, მეტი არაფერი.

- საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ უმრავლესობით შესძლებს მოსვლას?

თუ ჩამოაყალიბებს თანამედროვე სტრატეგიას, რომლითაც დაჯაბნის ხელისუფლებას, შანსი აქვს პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ახალი მთვარობა ჩამოყალიბდეს და მთავრობამ ისეთი გარემო შექმნას, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.