ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების გააქტიურებამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, პერმანენტული ხასიათი მიიღო. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, კარალეთის ინციდენტმა მოსაზრება გაუჩინა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სპეციალურად ძაბავს სიტუაციას, რათა ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადოს და საპარლამენტო არჩევნები გადადოს. კოალიცია“ ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ეს უფრო ხელისუფლების უსუსური მცდელობაა, დააშინოს ივანიშვილის მომხრეები.
- „ნაცმოძრაობის“ აქტივისტთა გააქტიურება ნიშნავს თუ არა ხელისუფლების სურვილს, ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადოს და არჩევნები გადადოს?
გამორიცხული არაფერია, რეალობასთან ეს მოსაზრება შეიძლება ახლოსაც იყოს, მაგრამ თუ სააკაშვილი ანგარიშს მხოლოდ საკუთრ გარემოცვას გაუწევს და არა დასავლეთს, დასავლეთი ამას ძალიან ცუდად ჩაუთვლის. შეხვედრის კადრებში აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ იწყებენ პროვოკაციებს, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხდება. ვფიქრობ, ეს უფრო დაშინების უსუსური ფორმაა, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ გარდა იმის, რომ ამ ფორმით დააშინონ საზოგადოება, რათა ივანიშვილთან შეხვედრებზე აღარ მივიდეს.
- პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პალიკო კუბლაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არსებობს კადრები, სადაც კახა კალაძე და მისი „50-მდე ზონდერი“ როგორ ურტყამს წიხლებს „ნაციონალების“ მხარდამჭერებს. რა კადრებზეა საუბარი?
ეს განცხადება მეც მოვისმინე, თუმცა არ ვიცი რა კადრებზეა საუბარი, არ მინახავს. რა უნდოდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ მომხრეების შეხვედრაზე? სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები და სააკაშვილი მართავენ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს, იქ მიდიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები? ესე იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შეხვედრაზე კახა კალაძე და აქტივისტები ჩავიდნენ დას სცემეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს? ეს ძალიან უსუსური არგუმენტია.
- რატომ შიდა ქართლი? „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს რამდენიმე რეგიონში გამართა შეხვედრები, თუმცა ასეთ დაძაბული სიტუაციას და პროვოკაციებს ადგილი არსად არ ჰქონია...
- გეთანხმებით. რატომ შიდა ქართლი და იმიტომ, რომ უკვე ყელში ამოუვიდა ხელისუფლებას. თბილისი დედაქალაქია, ქუთაისში არ ეგონათ ამდენი ხალხი გამოვიდოდა, გურია ყოველთვის ოპოზიციურია, მაგრამ როდესაც მცხეთაში ამდენი ხალხი გამოვიდა, მიხვდნენ, რომ ასე მიშვება არ შეიძლებოდა და შიდა ქართლში უკვე მოქმედება დაიწყეს. ამით თავისსავე წინააღმდეგ რომ მუშაობენ, ვერ ხვდებიან.
- რამდენად არის შესაძლებელი, იგივე განმეორდეს კახეთში ან თუნდაც სამეგრელოში, სადაც ისედაც დაძაბული სიტუაციაა და როგორ შეეცდება „ქართული ოცნება“ პროვოკაციების თავიდან არიდებას?
ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმშვიდე იქნას შენარჩუნებული, რათა ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე პროვოკაციებს არ წამოეგონ. სადაც მე ყოველდღე დავდივარ, იქაც ხდება პროვოკაციები. აშკარაა, რომ მათ ჩვენი ეშინიათ. მათთან სიტყვით მოგება შეიძლება. ყვირიან, ყვირიან, მერე იღლებიან და ჩერდებიან. შენ თუ არ უპასუხე აგრესიით, ეს ღირსებაში ჩაგეთვლება. ამის შესახებ გუშინ პატრიარქმაც მკაფიოდ განაცხადა. მართალია, ახალგაზრდა მამაკაცებისთვის ძალიან რთულია, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ და შენ ხმა არ უნდა ამოიღო, მაგრამ ჩვენ ღირსეულად უნდა მოვიქცეთ.
პროვოკაციულ ფაქტებს ჩვენ ბუნებრივია, ველოდებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნების წარმომადგენლები“ მიხვდებიან, რომ მათ ადეკავტურად კი არ უნდა უპასუხონ, არამედ მშვიდად და ყოველგვარი ვნებათაღლევის გარეშე უნდა ხდებოდეს ყველაფერი.